ახალი ამბები

დღევანდელ ინფიცირებულებს შორის 123 სამედიცინო პერსონალია – გამყრელიძე

28 ოქტომბერი, 2020 • 773
დღევანდელ ინფიცირებულებს შორის 123 სამედიცინო პერსონალია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 28 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია კიდევ 123 სამედიცინო მუშაკი.

გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ 1 731 ახალი შემთხვევიდან 1 272 სიმპტომიანი პაციენტი იყო.

„სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის მათ რიცხვი არის 123.  სამწუხაროდ, იცით, რომ ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი და ასევე, სხვა რისკჯგუფებში, ე.წ. კონტაქტირებულებში, 299 ადამიანი არის დადებითი“, – ამბობს გამყრელიძე.

სამედიცინო მუშაკების ინფიცირებაზე ამირან გამყრელიძემ გუშინ, 27 ოქტომბერსაც ისაუბრა. მან თქვა, რომ სულ ინფიცირებული იყო 1 678 სამედიცინო მუშაკი, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ია.


რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი.

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 33 858 შემთხვევა, რომელთა შორის გამოჯანმრთელდა 14 829, ხოლო გარდაიცვალა 253 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 9126 პჯრ [იგივე პისიარ] ტესტი.  უწყება ამბობს, რომ სულ ჩატარებულია 869 544 ასეთი ტესტი, რაც 100 000 მოსახლეზე 23 394 ტესტის ეკვივალენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი