ახალი ამბები

თვითიზოლაცია და არჩევნები – ბრძოლა ხმის უფლებისთვის 

29 ოქტომბერი, 2020 • 1100
თვითიზოლაცია და არჩევნები – ბრძოლა ხმის უფლებისთვის 

ჯერ უცნობია, რამდენი პირი დარეგისტრიდა სპეციალურ სიაში თვითიზოლაციაში მყოფი მინიმუმ 29 001 ადამიანიდან.  ცესკოს მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.  ამ სიაში მოხვედრას ცდილობდა გიგა ბენია სამი დღის განმავლობაში, ამასობაში კოვიდი 19-იც  დაუდასტურდა, რის გამოც სიაში ავტომატურად უნდა შეიყვანონ. 

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციალურ სიაში მოსახვედრად ცესკოს მიმართვისთვის ვადა 27 ოქტომბერს, 18.00 საათზე ამოიწურა.  ცესკოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ცნობა, რამდენმა ადამიანმა მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით და რამდენი დაარეგისტრირეს.  მთავრობის ცნობით, 28 ოქტომბერს თვითიზოლაციაში 29 001 პირი იყო – საუბარია თვითიზოლაციაში მყოფ იმ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან თვითიზოლაციის ბაზაში, თუმცა რეალურად ეს ციფრი შეიძლება ბევრად მაღალი იყოს. 

რა არის თვითიზოლაციაში მყოფებისთვის სპეციალური სია 

ცესკოს 19 ოქტომბრის დადგენილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები და სხვადასხვა სივრცეში განაწილებული კოვიდ-პაციენტები არჩევნების დღეს გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას. ამისთვის ისინი სპეციალურ სიაში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და ცესკოსთვის მიემართათ. 

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 28 ოქტომბრის  მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 29 001 ადამიანი იმყოფება, ბინაზე კი 12 384 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს. 

როგორ შეეძლოთ რეგისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფებს 

თვითიზოლაციაში ყოფნის შემთხვევაში, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის  მოქალაქეებს თავად უნდა მიემართათ ცესკოს ცხელი ხაზისთვის, თუმცა ისინი გადასატანი ყუთით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ მათი მონაცემები დაემთხვეოდა შესაბამისი უწყებებიდან ცესკოსთვის მიწოდებულ სიებს. კოვიდ-ინფიცირებულების შემთხვევაში კი ცხელ ხაზზე დარეკვა საჭირო არ იყო და მათ მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაეცა.

მოქალაქეებს თავდაპირველად  ცესკოსთვის მიმართვა 24-26 ოქტომბრის 10:00-22:00 საათამდე შეეძლოთ. ცესკოს ცნობით, ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციას 1 500 -მა პირმა მიმართა. ამის შემდეგ ცესკომ თვითიზოლირებულ მოქალაქეებს მიმართვისთვის ვადა ჯერ 27 ოქტომბრის 14.00 საათამდე, შემდეგ კი 18.00 საათამდე მისცა. ამას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მძაფრი პროტესტი, რომლებიც ცესკოში მივიდნენ, ფაქტობრივად, შეიჭრნენ შენობაში და ცესკოს თავმჯდომარეს ვადის გადაწევა სთხოვეს.

“ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ სიაში არ ვიყავი”

ჟურნალისტი გიგა ბენია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც გადასატანი ყუთით სარგებლობას შეძლებს, თუმცა ეს შესაძლებლობა მარტივად არ მოუპოვებია. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ჰყვება, ცესკოს მიერ მითითებულ ცხელ ხაზს, რომლის საშუალებითაც თვითიზოლაციაში მყოფები სპეციალურ სიაში  უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, პირველად 24 ოქტომბერს მიმართა, თუმცა 25 ოქტომბრამდე ცესკოთან  დაკავშირება ვერ მოახერხა. ბენიას თქმით, 25 ოქტომბერს ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ სიაში არ იყო და მეორე დღეს უნდა დაერეკა განმეორებით.

“25 ოქტომბერსვე მითხრეს, რომ არ ვიყავი ბაზაში და შესაძლებელი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიმეღო. 26 ოქტომბერს კი მთელი დღე, დილის 10 საათიდან საღამომდე ვრეკავდი ცხელ ხაზზე, მაგრამ არავინ მიპასუხა. ასევე ამ დღეს მოვიდა ჩემი ტესტის პასუხიც და აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი მაქვს. რეკვა გავაგრძელე 27 ოქტომბერსაც, მინდოდა მეთქვა, რომ სხვა მისამართზე [კოვიდსასტუმროში] გადავედი და იქ უნდა მოეტანათ ყუთი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისევ არავინ მიპასუხა, გადავურეკე ცესკოს პრესსამსახურს”, – უთხრა ბენიამ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ დაურეკავდნენ. ბენიას განმარტებით, ცოტა ხანში მართლაც გადაურეკეს ცესკოდან და უთხრეს, რომ სიაში არ იყო. თუმცა ამ დროს ბენია კორონავირუსის დიაგნოზით კოვიდსასტუმროში იყო გადაყვანილი.

“მითხრეს, რომ არც თვითიზოლაციაში მყოფი პირების და არც კოვიდინფიცირებულების ბაზაში ვიყავი და უნდა დამერეკა ჯანდაცვის სამინსიტროში. აქ დავრეკე 12 საათისთვის [27 ოქტომბერი], სადაც ჩაიწერეს ჩემი სახელი და გვარი და მითხრეს, რომ მონაცემების გადაგზავნას შეეცდებოდნენ. ამ დროისთვის ვიცოდი, რომ დარეკვის ბოლო ვადა 14:00 საათი იყო და ვუთხარი, რომ ამ დრომდე გადაეგზავნათ მონაცემები, რაზეც მითხრეს, რომ ასეც მოიქცეოდნენ”, – ჰყვება ბენია.

თუმცა, როგორც ბენია ამბობს, 27 ოქტომბერს, 13:45 საათისთვის, კვლავ დარეკა ცესკოს ცხელ ხაზზე, სადაც უთხრეს, რომ ისევ არ იყო ბაზაში და, შესაბამისად, 31 ოქტომბერს გადასატანი ყუთით სარგებლობას ვერ შეძლებდა.

დღის ბოლოს კი ცესკოს პრესსამსახურის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში შეიყვანეს.

“ჯერ კიდევ არ ვიცი, ვარ თუ არა სიაში, ცესკოს ტელეფონი ფასიანია”

“ნეტგაზეთი” კიდევ ერთ თვითიზოლაციაში მყოფ პირს ესაუბრა, რომელმაც ასევე მიმართა ცესკოს.  ლელა დ. თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის 19 წლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.  26 ოქტომბერს დუმბაძემ 112-ში განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ოპერატორს საკუთარი და შვილის მონაცემები ჩააწერინა. შემდეგ დარეკა ცესკოს მიერ მითითებულ ცხელ ხაზზე, სადაც უთხრეს, რომ მისი მონაცემები ჩაიწერეს, თუმცა იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, ნამდვილად შეძლებდა თუ არა გადასატანი ყუთით სარგებლობას, დღის ბოლოს, 18:00 საათიდან 22:00 საათამდე ხელახლა უნდა დაკავშირებოდა ცხელ ხაზს. 

“გადასამოწმებლად რომ დავრეკე, ლოდინისას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ზარი გაწყდა და მომივიდა სმს, რომ ჩემს ბალანსზე თანხა ამოიწურა. მანამდე ანგარიშზე მქონდა 4 ლარი, ზარის შემდეგ კი მობილურის ანგარიშზე თანხა ამომეწურა”, – ამბობს ის  “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მისი თქმით, ანგარიშზე თანხის უქონლობის გამო ვეღარ მოახერხა იმის გადამოწმება, ნამდვილად შეიყვანეს თუ არა სიაში.

28 ოქტომბერს კი დუმბაძემ ცესკოს ცხელ ხაზს კვლავ მიმართა, სადაც ვერ უთხრეს, არის თუ არა გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში: 

“ახლაც არ ვიცი, [ცესკოს სპეციალურ] სიაში ვარ თუ არა. ცესკოს ცხელ ხაზზე დღეს რომ დავრეკე, მითხრეს, რომ ზარების მიღება შეწყდა და გადამოწმებას ვერ შეძლებდნენ. ასევე მითხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში ვარ, ხვალ [29 ოქტომბერს]  შუადღისთვის მომივა მოკლე ტექსტური შეტყობინება”, – განმარტა ლელა დ-მ 

ცხელი ხაზის საფასურთან დაკავშირებით ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ფასიანია და მობილური ტელეფონის ანგარიშიდან იჭრება ის თანხა, რაც ნებისმიერ საქალაქთაშორისო ნომერზე დარეკვისას.

დავაგვიანე ცესკოში დარეკვა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი 

თვითიზოლაციაში მყოფი კიდევ ერთი პირი, 25 წლის თეკო თარხნიშვილი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ წუხს იმის გამო, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა. 

“27 ოქტომბერს დაუდასტურდა ჩემი 10 თვის შვილს კორონავირუსი. გუშინ- ჩემს მეუღლეს და ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, მას შემდეგ, რაც ბავშვს დაუდასტურდა. იმ დღესვე გამახსენდა არჩევნები, რადგან ყოველთვის ვმონაწილეობ, მას შემდეგ, რაც ხმის უფლების მიცემა მაქვს. მაგრამ იმ დღეს არ მეცალა და გუშინ ვთხოვე მეგობარს, გამირკვიე, როგორ მოვიქცე, როგორ უნდა მივცე ხმა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ  უკვე დაგვიანებულია ცესკოსთვის მიმართვა, რომ სიაში შემიყვანონ. მანამდე ტელევიზორში ყური კი მოვკარი, მაგრამ ვერ გავიგე წესიერად. ასე რომ, დავაგვიანე.  ამით ძალიან უკმაყოფილოა ჩემი ქმარიც, რომელსაც ასევე  არ ეძლევა ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – უთხრა მან ნეტგაზეთს. 

ოპოზიციის პროტესტი და შედეგი

ბენიას მსგავსად, გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ სხვა მოქალაქეებსაც. როგორც “ნეტგაზეთს” “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ უთხრა, მას 100-მდე მოქალაქემ მიმართა, რომლებიც, ხოშტარიას თქმით, ცესკოს ვერ უკავშირდებოდნენ სპეციალურ სიაში დასარეგისტრირებლად. 

ხოშტარიას და ხათუნა გოგორიშვილის ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მიმართვის ვადა 27 ოქტომბრის 18.00 საათამდე გახანგრძლივდა. 

“გუშინდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიას მიერ დადებული პირობა ცესკომ შეასრულა და დაურეკეს იმ ადამიანებს, ვისაც დაკავშირების პრობლემა შეექმნა, მაგრამ პრობლემა ორმხრივია – ჯანდაცვასა და ცესკოს შორის. ჯანდაცვის სამინისტროდან გადაცემულ სიებში არა მხოლოდ თვითიზოლაციაში, არამედ უშუალოდ ინფიცირებული პირებიც არ არიან. მე მაქვს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ შედგენილ ბაზაში მყოფი ადამიანები ცესკოსთვის გადასაცემ სიებში ვერ მოხვდნენ”, – განაცხადა ხოშტარიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას 28 ოქტომბერს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ცესკოსთვის უნდა მიგვემართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი განმარტეს, რომ გადასატან ყუთებთან დაკავშირებულ დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ხოშტარიას თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ცესკოს მიერ შემუშავებული სისტემა, შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ მანიპულაციებს შეიცავდეს:

“შესაძლოა კონკრეტული განზრახვა იყოს, რომ თავიანთი [ქართული ოცნების] მომხრეები, ვინც ჰყავთ აღრიცხული, მათი ჩასმა მოხდეს უფრო მარტივად, იმ მოქალაქეებს კი, ვინც რეკავენ და არ ჰყავთ აღრიცხული, შეუქმნან ბარიერები. ისინი [ქართული ოცნება] ხვდებიან, რომ მოქალაქეების დიდი აქტიურობა არ აწყობთ. დადასტურებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ერთგვარი მანიპულაციის განზრახვა ამაში იყოს”, – განმარტა ხოშტარიამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების მხრიდან არავითარი მანიპულაციური განზრახვა არ არსებობს, პრობლემა მაინც იკვეთება, რადგან სახელმწიფომ მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლება ვერ უზრუნველყო. ხოშტარიას განმარტებით, გამიზნული მანიპულაციის განზრახვის და არაორგანიზებულობის შემთხვევაშიც ზიანდება ამომრჩევლის ინტერესი. 

არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა 

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის რეგისტრაციისას შექმნილ პრობლემებზე საუბრობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც”. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გუშინ, 17 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ამომრჩევლები ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს.

TI-ის ინფორმაციით, პრაქტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ფიქსირდება:

  • ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია; [“ნეტგაზეთის” შენიშვნა: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ცხელ ხაზზე დაკავშირება ვერ მოახერხა, ცესკოდან დაუკავშირდებოდნენ, ხოშტარიას თქმით კი, მის მიერ ცესკოსთვის მიწოდებული მოქალაქეების სიაში მყოფ ადამიანებს მართლაც დაუკავშირდნენ]
  • თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;
  • ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ ადამიანები, რომელთა თქმითაც, თვითიზოლაციაში ყოფნის მიუხედავად, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს თვითიზოლაციაში მყოფ პირებად არ ჰყავდათ აღრიცხული.

“შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

TI განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები მოგვარდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა სიების ავტომატური ფორმირება ისე, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო ამომრჩევლებისთვის ცესკოსთვის დარეკვა.

მთავრობის პასუხი 

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი უწყებებიდან სიების მიწოდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით შესაბამისმა უწყებებმა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტომ, ცესკოს დროულად მიაწოდეს საჭირო სიები:

“საკმაოდ აქტიურად იმუშავა სიებთან დაკავშირებით როგორც საოპერაციო შტაბმა, ისე, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინსიტრომ. ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცესკოსთვის იყო აუცილებელი, მიწოდებული იქნა დროულად. თითოეული მოქალაქის, მათ შორის იმ მოქალაქეების ხმის მიცემის უფლება იქნება უზრუნველყოფილი და ამაზე იმუშავეს შესაბამისმა ორგანოებმა. აქ ვგულისხმობ როგორც კარანტინში მყოფ პირებს, ისე საავადმყოფოში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულებს და იმ ადამიანებს, ვინც საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან. თითოეული ამ ადამიანის ხმის მიცემის უფლება იქნება უზრუნველყოფილი და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს შესაბამისმა ორგანოებმა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

მასალების გადაბეჭდვის წესი