ახალი ამბები

რატომ ჩატარდა ბოლო 24 საათში მხოლოდ 5692 PCR ტესტი? – გამყრელიძის განმარტება

26 ოქტომბერი, 2020 • 2068
რატომ ჩატარდა ბოლო 24 საათში მხოლოდ 5692 PCR ტესტი? – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] 26 ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, ბოლო დღეს ქვეყანაში 5 692 პჯრ [იგივე პისიარ] ტესტი ჩატარდა. ეს მონაცემები, სხვა დღეებთან შედარებით, რამდენიმე ათასით ნაკლებია.

Posted by National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) on Monday, 26 October 2020

მაგალითად, 24 ოქტომბრის სტატისტიკით, ჩატარებული იყო 8 619 ტესტი, ხოლო 23 ოქტომბრის სტატისტიკით – 8 463 ტესტი.

ნეტგაზეთმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართა კითხვით, რით იყო გამოწვეული მსგავსი სხვაობა, რაზეც მან მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხა: „შაბათ-კვირას ზოგადად ეცემა ნიმუშების აღება ნაკლები მიმართვიანობის გამო“.

ერთი კვირის წინ, 19 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ტრადიციულად გამოაქვეყნა სტატისტიკაც. ამ სტატისტიკაში ვკითხულობთ, რომ წინა დღეს, 18 ოქტომბერს, (კვირას) 9 888 პისიარ ტესტი ჩატარდა, ზუსტად იგივე ოდენობის ტესტი ჩატარდა 17 ოქტომბერსაც.

რაც შეეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტს, რომელსაც 23 ოქტომბრიდან პისიარ ტესტთან ერთად დიაგნოსტიკისთვის იყენებენ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 1500-მდე ტესტი ტარდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ჩატარებული 5962 ტესტიდან, დადებითი პასუხი შემთხვევების დაახლოებით 32.8%-თვის დადგა.

თუ ჩატარებულ პისიარ ტესტებს სწრაფ 1 500 ტესტსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 25% იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 850 ათასზე მეტი ტესტია ჩატარებული. ეს ნიშნავს, რომ 100 000 მოსახლეზე 22 ათასზე მეტს ტესტი ჩაუტარდა. 851 829 ტესტის დადებითობის მაჩვენებელი, ცენტრის თქმით, 3.5%-ია. ამ მოანცემებში იგულისხმება, ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე არსებული მონაცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი