ახალი ამბები

საქართველო ანტიგენის სწრაფ ტესტებს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებს

23 ოქტომბერი, 2020 •
საქართველო ანტიგენის სწრაფ ტესტებს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძის თქმით, დღეიდან ანტიგენის სწრაფ ტესტებს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებენ.

იმნაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს მიიღეს.  როგორც სხვა ტესტები, ანტიგენის ტესტიც ცხვირიდან ნაცხის აღებით ტარდება.

„სულ ორი ასეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში და ამ ორიდან ერთ-ერთი ჩვენ საქართველოში გვაქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, ასვევე აშშ-ის „საკვებისა და წამლების ადმინსიტრაციის”(FDA) მიერ აღიარებული.

მათი გამოყენება დიაგნოსტიკისთვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორიც ხდება დიაგნოსტიკისათვის პჯრ-ს [იგივე პისიარ] გამოყენება“, – განაცხადა იმნაძემ 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მერე გაიმართა კოვიდ 19-ის ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში.

რაც შეეხება ამ ტესტების მარაგს, იმნაძე ამბობს – „ეს ტესტები ჩვენ გვაქვს, ახლა მარაგი არის, სადღაც 150 ათასამდე და ნახევარი მილიონი შეკვეთილია,“.

ანტიგენის (Ag) ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.

ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულია, მის ორგანიზმში ამ ინფექციის საწინააღმდეგოდ აგენტი ჩნდება. სწორედ მის არსებობას იკვლევს ანტიგენის ტესტი.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ანტიგენის ტესტის პასუხი 10-15 წუთშია ცნობილი და მას ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღენიშნება. თუმცა მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ცრუ უარყოფითი მიზეზის შედეგი შესაძლოა ტესტირების ადრეულ ან გვიან ეტაპზე ჩატარება იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი