ახალი ამბები

რა პირობით ჩაერთვნენ კერძო სადაზღვევოები კოვიდის მართვაში

26 ოქტომბერი, 2020 • 1540
რა პირობით ჩაერთვნენ კერძო სადაზღვევოები კოვიდის მართვაში

26 ოქტომბრიდან კერძო სადაზღვევო კომპანიები კორონავირუსის მართვაში ჩაერთვებიან. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინემ ტიკარაძემ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ თქვა და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ დიდ თანხას იხდიან კერძო სადაზღვევო პაკეტებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან Covid-19-ის მართვაში ჩართულნი იყვნენ.

რა პირობებით ჩაერთვნენ კერძო კომპანიები კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში, ამის შესახებ ნეტგაზეთი სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თამჯდომარეს ესაუბრა. როგორც დევი ხეჩინაშვილმა გვითხრა, სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ ოჯახის ექიმის ნაწილში ჩაერთვებიან. იმისთვის, რომ პაციენტი კოროანვირუსით ინფიცირების შემთხვევაში საკუთარი სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმმა მართოს, კორონავირუსი მსუბუქი ფორმით უნდა მიმდინარეობდეს. ამავე დროს, ვირუსის მართვა სახლში/კოვიდსასტუმროებში უნდა ხორციელდებოდეს.

ხეჩინაშვილს უჭირს თქმა, ამ ეტაპზე რამდენი ოჯახის ექიმის მობილიზება შეძლო დაზღვევის სექტორმა, თუმცა გვეუბნება, რომ კომპანიებმა გამოყვეს ოჯახის ექიმების ის რესურსი, რაც ამ დროისთვის ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ სერვისისთვის მომხმარებლებს დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ საშუალო სიმძიმის პაციენტების მართვაც მოუწევთ სახლიდან,  ამას სადაზღვევო კომპანიები საკუთარი რესურსებით ვეღარ შეძლებენ.

“კომპანიებმა გამოყვეს ის რესურსი ოჯახის ექიმების, რომლის გამოყოფაც შეეძლოთ ისე, რომ არ დაზიანებულიყო სხვა სერვისები, რომელსაც კომპანიები წევენ საკუთარი დაზღვეულებისთვის. დაინსტალირდა, ასე ვთქვათ, მთავრობის პროგრამები ექიმების კომპიუტერებზე, ახლა რომ შევა ზარი 112-ში, მერე ეს ზარი გადავა ონლაინ კლინიკაში, ხოლო შემდეგ დაზღვეულის გადამისამართება მოხდება სადაზღვევოს ოჯახის ექიმთან, თუ ამის თავისუფალი რესურსი იქნება. შემდგომში მსუბუქი შემთხვევები იმართება უკვე სახლში ამ ოჯახის ექიმების მიერ, მსუბუქი პაციენტების მოვლის პროტოკოლის შესაბამისად”,-აცხადებს ხეჩინაშვილი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, გადაამზადეს თუ არა ამ პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმები, ხეჩინაშვილი გვპასუხობს, რომ ნაწილის გადამზადება მოხდა, თუმცა, მისი თქმით, ვითარება შეიცვლება, თუ სადაზღვევო კომპანიების მომსახურე ოჯახის ექიმებს ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტების მართვაც მოუწევთ. ხეჩინაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამაში ქვეყანაში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანია ჩაერთო. კითხვაზე, 18 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევიდან რამდენ პროცენტს აქვს კერძო სადაზღვევო პაკეტი, ხეჩინაშვილი გვპასუხობს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 1/6 სარგებლობს დაზღვევის მომსახურებით და ასეთივე პროპორციაა ინფიცირებულების შემთხვევაშიც.

“ნაწილს უკვე ჩაუტარდა სპეციალური სემინარი.. ეს მაინც მომზადებული ხალხია, რადგან სადაზღვევო კომპანიების ნაწილს ეს ხალხი უკვე ჰყავდა მომზადებული. მაგრამ თუ ჩვენ ვაპირებთ გაზრდას ოჯახის ექიმების რაოდენობის, მათ, რასაკვირველია, დამატებითი ტრენინგი დასჭირდებათ. განსაკუთრებით შეიცვლება მდგომარეობა, თუ საშუალო სიმძიმის პაციენტების სახლში მართვაზე გადავედით, რასაც უპირველეს ყოვლისა სჭირდება სპეციალური პროტოკოლი, შემდეგ ის უნდა იყოს გაანალიზებული. მათ შორის ფინანსური კუთხითაც. ამ ეტაპზე სახლში მხოლოდ მსუბუქი პაციენტები იმართებიან და ამის ხარჯებს, იქნება ეს ექიმი თუ სხვა, ჯერჯერობით სადაზღვევოები ტვირთულობენ “,-აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი

კერძო სადაზღვევოები კოვიდის მართვაში ერთვებიან? – როგორი იქნება მათი როლი

მასალების გადაბეჭდვის წესი