განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, კოვიდცენტრებში დასაქმებულ ექიმებს დაეხმარონ.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ამ სტუდენტებისგან შეიქმნება სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი. ჟურნალისტების კითხვაზე, რა მიმართულებით დაეხმარებიან სტუდენტები ექიმებს, ჩხენკელმა განაცხადა, რომ “სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც ექიმებს დახმარება დასჭირდებათ, უფროსკურსელები მათ ამაში დაეხმარებიან.”
“უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, სწრაფ კურსს გაივლიან იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი. საჭიროების შემთხვევაში, ისინი კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან და ჩვენს ექიმებს დაეხმარებიან. დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც ეს სწრაფი ტერენინგი გაიარეს. საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს”,- აცხადებს ჩხენკელი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე სულ საქართველოში კორონავირუსის 30303 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 11370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.