ახალი ამბები

ლუკაშენკოს გადადგომისთვის მიცემული ვადა იწურება, ბელარუსში აქციები გრძელდება

25 ოქტომბერი, 2020 • 1543
ლუკაშენკოს გადადგომისთვის მიცემული ვადა იწურება, ბელარუსში აქციები გრძელდება

ოპოზიციის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის, გადადგომის თაობაზე, მიცემული ვადის ამოწურვის პარალელურად ბელარუსში მასობრივი აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” ბელარუსული ბიურო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბელარუსის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დაწყებამდე დედაქალაქში მობილური ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა და “უსაფრთოხების მიზეზით” დაიკეტა 12 მეტროსადგური.

“რადიო თავისუფლება” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დედაქალაქში მობილიზებულია დიდი რაოდენობით უსაფრთხოების ძალები. შედარებით მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები გაიმართა ბელარუსის სხვა ქალაქებშიც.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” ცნობით, ამ დრომდე დაკავებულია 40-მდე ადამიანი. ორგანიზაციისვე ინფორმაციით, წინა კვირების საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, დღეს რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე დედაქალაქში. უფლებადამცველთა ინფორმაციით ქალაქ ლიდაში გამართული აქციისას სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ოპოზიციამ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომისთვის ბოლო ვადა 25 ოქტომბრისთვის მისცა. ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობას 26 ოქტომბრიდან მასობრივი გაფიცვისკენ მოუწოდა.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო სექტემბერში, ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა.

არჩევნების შედეგებს აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი