ახალი ამბები

აზერბაიჯანი აკრძალულ კასეტურ ბომბებს იყენებს | Human Rights Watch

23 ოქტომბერი, 2020 • 887
აზერბაიჯანი აკრძალულ კასეტურ ბომბებს იყენებს | Human Rights Watch

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, საცხოვრებელ უბნებში, აკრძალულ კასეტურ ბომბებს იყენებს. ორგანიზაციის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ოქტომბერში ჩატარებული კვლევისას გამოვლინდა კასეტური ბომბების გამოყენების 4 სხვადასხვა შემთხვევა.

“კასეტური ბომბების გამოყენება – კონკრეტულად, დასახლებულ ტერიტორიებზე – აჩვენებს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების აშკარა უგულვებელყოფას” – განაცხადა ორგანიზაციის იარაღის დეპარტამენტის დირექოტრმა, სტეფან გუსმა.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიმართეს აზერბაიჯანულ მხარესაც, რათა შეესწავლათ კონფლიქტის მეორე მხარეს არსებული ვითარება, თუმცა აზერბაიჯანული ხელისუფლების მხრიდან ნებართვა ჯერჯერობით არ მიუღიათ. ასევე, HRW-ის განცხადებით, ბაქოს ბრალდება, რომ კასეტურ ბომბებს სომხური მხარეც იყენებს, არ დასტურდება.

2008 წლის კასეტური საბრძოლო მასალის კონვენცია კრძალავს ასეთი იარაღის გამოყენებას და მოითხოვს მის განადგურებას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებას. სომხეთი და აზერბაიჯანი არ არიან კონვენციაზე ხელისმომწერ სახელმწიფოებს შორის. ორგანიზაცია ორივე სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ კონვენციას.

კონფლიქტის მონაწილე ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს კასეტური საბრძოლო მასალის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდეგ გამოყენებაში.


მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებების აღებისა და ირანთის საზღვარზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი