ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საზღვარს ირანთან სრულიად ვაკონტროლებთ | ალიევი

22 ოქტომბერი, 2020 • 1642
საზღვარს ირანთან სრულიად ვაკონტროლებთ | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია კონფლიქტის ზონაში საზღვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სრულად აკონტროლებს. განცხადება პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, საკუთარი Twitter-ის გვერდით გაავრცელა.

“სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მთლიანად კონტროლდება აღბენდის დასახლების აღების შემდეგ. ვულოცავ აზერბაიჯანისა და ირანის ხალხებს”, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მიერ გარცელებულ განცხადებაში.

დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ახალი დასახლებების აღების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. მისი ცნობით, აზერბაიჯანულმა არმიამ დაიკავა შემდეგი დასახლებები:

ფუზულის რაიონის სოფლები: მოლაველი, იუხარი რეფიდინლი და აშაღი რეფიდინლი

ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სირიკი, შიხლარი, მესთელიბელი და დერზილი

ზენგილანის რაიონის სოფლები: კოლუგიშლაღი, მალათკეშინი, სოფელი ზენგილანი, გენლიქი, ველიგულუბელი, ღარადერე, ჩოპედერე, თათარი, თირი, ემირხანლი, გარღული, ბართაზი, დელეკლი და აღბენდი.

სომხურ მხარეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენატარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


მხარეებმა ომის განახლების შემდეგ რუსეთის შუამავლობით ორი ჰუმანიტარული ზავი დადეს, თუმცა ზავის გაფორმებიდან მალევე, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ჩართულიყვნენ, თუმცა გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება და მოსახლეობას მოხალისეობრივი ფორმირებების შექმნისკენ მოუწოდა. ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ცალ-ცალკე შეხვდებიან და კონფლიქტის შესახებ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი