ახალი ამბები

“გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!” – ელისაშვილი

22 ოქტომბერი, 2020 •
“გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!” – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის მიზეზი 21 ოქტომბერს ზუგდიდის ბანკზე თავდასხმის გარშემო განვითარებული მოვლენები და ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადებებია.

“გუშინდელი სამარცხვინო დღის და გატაცებულ თანხასთან დაკავშირებით ამაზრზენი განცხადების მერე შს მინისტრი გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!” – წერს ელისაშვილი “ფეისბუქზე”.

ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის კითხვებს დღეს, 22 სექტემბერს უპასუხა. მან დაადასტურა, რომ თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულეს და მოთხოვნილი თანხა გადაუხადეს. მისი განცხადებით, “არანაირი თანხა არ ღირს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 თუ 100 მილიონი”.

გომელაურმა ცალსახად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გამტაცებლისთვის არ გადაუხდიათ ბიუჯეტის თანხა. მას რამდენჯერმე ჰკითხეს, დაესახელებინა მძარცველისთვის გადახდილი თანხის ზუსტი რაოდენობა, რაზეც გომელაურმა თქვა, რომ მისი მოთხოვნები “ყველამ იცის”.

“საქართველოს ბანკის თანხაა… ეს ასე ხდება, მსოფლიოში, ყველგან ასე ხდება… როდესაც ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს… თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა? საქართველოს ბანკში იყვნენ შესულები “, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს, რის შემდეგაც მან მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

რა (ვერ) გავიგეთ გომელაურისგან ზუგდიდის მოვლენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი