ახალი ამბები

მედიების ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – კობახიძე ზუგდიდის მოვლენებზე

21 ოქტომბერი, 2020 • 840
მედიების ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – კობახიძე ზუგდიდის მოვლენებზე

პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

„გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ“, – განაცხადა მან.

„კონკრეტული ქმედებები სსკ-ის ნიშნებს შეიცავდა. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მას თავდაპირველად არ დაუზუსტებია არც მედიასაშუალებები და არც კონკრეტული ქმედებები, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გააკრიტიკა:

„როდესაც ასეთი ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი, „გლავ-კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“…

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები, და დამატებით ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია, თუ როგორ იქცევიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. 10-ზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან“, – თქვა ასევე კობახიძემ.

„ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით ქმედების შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ახლა 500 000 აშშ დოლარს ითხოვს გამოსასყიდის სახით.

ვრცლად:

19 მძევალი, თავდამსხმელი ხელყუმბარით და $500 ათასი – რა ხდება ზუგდიდში

მასალების გადაბეჭდვის წესი