ახალი ამბები

შსს-სა და “ოცნების” კრიტიკის შემდეგ გომელაური მედიას მადლობას უხდის

22 ოქტომბერი, 2020 • 983
შსს-სა და “ოცნების” კრიტიკის შემდეგ გომელაური მედიას მადლობას უხდის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური ზუგდიდში ბანკის გაძარცვისა და მძევლების აყვანის საქმეზე მედიას მადლობას უხდის.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და მაგასაც არ მაცლით. გამოვედი, რომ გესაუბროთ. მინდა, უპირველესად, მადლობა გითხრათ თქვენ, პრესის წარმომადგენლებს, მნიშვლეოვანი იყო ეს თანამშრომლობა, ურთიერთობა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას თანამშომლობისთვის.

თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და მადლობა ყველაფრისთვის, ვინც გვერდში დაგვიდეგით“, – ამბობს ის ჟურნალისტებთან.

ამ განცხადებამდე, გუშინ, შს მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე მედიასა და მობილურ ოპერატორებს ადგილზე პირდაპირი ეთერის შეზღუდვისკენ მოუწოდა. ამავე ბრიფინგზე მან თქვა:

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას“.

მედია გააკრიტიკა „ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემაც, მან თქვა, რომ მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები.

მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი, 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის ადგილმდებარეობა კი, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისადვე, უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი