ახალი ამბები

“10%-ს იმასაც ვუშვებ, რომ ბანკში კვარაცხელიას მოხვედრა დამთხვევა იყო” – მდინარაძე

21 ოქტომბერი, 2020 • 3262
“10%-ს იმასაც ვუშვებ, რომ ბანკში კვარაცხელიას მოხვედრა დამთხვევა იყო” – მდინარაძე

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “იმედთან” აცხადებს, რომ ახლა არ არის იმაზე საუბრის დრო,  ზუგდიდში, ბანკზე მომხდარი თავდასხმისას მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიას იქ ყოფნა არის თუ არა დამთხვევა.  თუმცა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მსჯელობისას ასევე ამბობს, რომ “1- 10%-ს იმასაც უშვებს, რომ დამთხვევაა”. 

იმედის წამყვანმა მდინარაძეს ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადების შეფასება სთხოვა – მელიამ   “ქართული ოცნება”  პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დიფერენციაციაში დაადანაშაულა იმ მძევალზე საუბრით, რომელმაც თავდამსხმელის მოთხოვნები გაახმოვანა. 

საუბარია ირაკლი კვარაცხელიაზე, რომელიც ერთ-ერთი იყო 21 ოქტომბერს ზუგდიდში მძევლად აყვანილი პირებიდან და დაუკავშირდა “მთავარ არხს” და სხვა ტელევიზიებს, რათა თავდამსხმელის მოთხოვნები  გაეხმიანებინა. 

“ფეისბუქში დაიწერა რამდენიმე პოსტი, მეც ვნახე. მეც რომ რამე არ დამაბრალონ, ძალიან პასუხისმგებლიანად მივუდგეთ ამ საკითხს, ფაქტებზე ვილაპარაკოთ, არანაირი ეჭვი. 

მეც ვნახე პოსტი [ფეისბუკზე], თავს ვერ დავდებ, რამდენად სიმართლეა, მაგრამ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც არის ნიკა გვარამიას მამიდაშვილის ბავშვობის მეგობარი, ამ შემთხვევაში ჩემი წყარო ფეისბუკ პოსტია. [ამ ადამიანზე] გვარამიამ თქვა, მე არ ვიცნობო, ეს ასეა თუ არა, მე ვერ ვადასტურებ, ფეისბუკ პოსტს ვეყრდნობი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.  დავარქვათ ამას დამთხვევა. კეთილშობილურად, მაგრამ ეს დამთხვევა არსებობს. მაგრამ, დამთხვევაა თუ არა, ეს მერე ვარჩიოთ. მომდევნო დღეებში. მაგრამ ეს ასე აღმოჩნდა. 

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, მთელი თავისი არსით და მოქმედებებით, კონკრეტული პოსტებით, გვარამის ოჯახის წევრებთან ახლობლურ კავშირში მყოფი, მერიაში ნამუშევარი, როცა უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი და ასე შემდეგ”, – ამბობს მდინარაძე “იმედის” ეთერში და დასძენს: 

“ეს შემთხვევითი იყო, არაშემთხვევითი იყო – ვიღაცას აქვს უფლება გამოხატოს, მაგრამ დამთხვევა იყო თუ არ იყო, ეს გაირკვევა მერე. ყოველ შემთხვევაში, თუ ამაზე ვინმემ ფაქტი აღნიშნა, შენ ადამიანი გამოდიხარ და ამ სიტუაციას ხალხის გასაგიჟებლად იყენებ, სიტუაციის დასაძაბად, ქაოსისთვის იყენებ, ამ დროს რომ გიკვირს, ვიღაცამ რომ თქვა, რაშია საქმე, ეს კაცი იქ რატომ აღმოჩნდაო, ამაშია შეუსაბამობა, თორემ სხვა კი არაფერში. მე 1 %-ს და 10 %-ს იმასაც ვუშვებ, რომ ის დამთხვევა იყოს”. 

მდინარაძე “საყვედურობს” სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასაც, რომელმაც კვარაცხელიას პოლიტიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით  მსჯელობისგან ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მდინარაძემ ლომჯარია გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან არ გააკრიტიკა “მთავარი არხი” პირდაპირ ეთერში ირაკლი კვარაცხელიას ჩართვის გამო.

მისი შეფასებით, უფრო მნიშვნელოვან საკითხს – “მთავარი არხის” მიერ კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ჩართვაზე არ გაამახვილა ყურადღება:

“ლომჯარიამ რაც თქვა, შეიძლება ის თქვა მართალი, ცალკე აღებული, აუცილებელია, ფსიქოლოგების ჩართულობა და სწორი მიდგომა თითოეული მძევლის მიმართ.  შეიძლება არ იყოს მართლაც დრო, ამ მძევალზე რაღაც ილაპარაკო, თუნდაც რომ სერიოზული ეჭვი გქონდეს და დასაბუთებული, შეიძლება ამაზე საუბრის დრო არ იყოს,  მაგრამ როცა 10-ჯერ და 1000-ჯერ მეტი პრობლემა არის – პირდაპირ ეთერში ჩართეს ტერორისტი – ამაზე რეაქცია არ გაქვს, ესეც არის სასაყვედურო სახალხო დამცველის მიმართ”. 

ანტიოპოზიციურმა ფეისბუკ გვერდებმა, ტვ “იმედმა” და სხვა მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომლის საშუალებითაც ზუგდიდის ბანკის თავდამსხმელი მედიას დაუკავშირდა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს. ამ ვითარებაში მძევლის დისკრედიტაციის კამპანიას და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირებას ომბუდსმენი სახიფათოდ მიიჩნევს.

პოლიციამ ფული მოიტანა, მძარცველთან ერთად ტოვებენ შენობას – მძევალი

მძევლის დისკრედიტაციის კამპანია ძალიან სახიფათოა – ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი