ევროკავშირმა საქართველო კანადასთან და ტუნისთან ერთად იმ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტეროტორიაზე შესვლის უფლება აქვთ. ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის და ამის შესახებ AFP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაცია გახდა. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში სინგაპური შეიყვანოს, სადაც Covid-19-ის მხრივ სიტუაცია უმჯობესდება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა გახდა.
ევროკავშირის ეს სია რეკომენდაციაა, რომელიც იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ანუ ალიანსის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას.
ევროკავშირმა იმ მესამე ქვეყნებს შორის, საიდანაც ვიზიტორების მიღება უსაფრთხო და, შესაბამისად, დაშვებული იქნება (კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე), საქართველო ივნისში შეიყვანა.
საქართველოს გარდა, სიაში მოხვდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (პეკინის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში).
როგორია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესასვლელად საჭირო კრიტერიუმები?
ევროკომისიის მიერ შემუშავებული შუქნიშნის პრინციპის მიხედვით, ქვეყანა „მწვანე ზონად“ ითვლება, თუ:
- 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს;
- კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 3%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადმიანი.
ამავე თემაზე
საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ | ლორენც ჰილფიკერი