ნეტგაზეთი | საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ | ლორენც ჰილფიკერი საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ | ლორენც ჰილფიკერი – Netgazeti
RU | GE  

საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ | ლორენც ჰილფიკერი

ავტორი: ლორენც ჰილფიკერი

გაზაფხულზე კორონავირუსის პირველი ტალღის შეკავების შემდგომ, მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულ პირობებში, საქართველო ამჟამად პირვლად დადგა ეპიდემიის ფართომასშტაბიანი აფეთქების საშიშროების წინაშე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს კოვიდ-19-თან ბრძოლაში საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმატების ამბავს.

დამსვენებელთა გამორჩეულად საყვარელ ქალაქ ბათუმის საკონდიტრო მაღაზიაში ვირუსის ფართოდ გავრცელების შემდეგ, სექტემბრის პირველ ნახევარში, ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც მოხდა ვირუსის გავრცელება. ყოველდღიური ახალ შემთხვევათა რაოდენობა ექსპონენციურად გაიზარდა – აგვისტოში ყოველდღიურად დაახლოებით 10 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 16 სექტემბრის მდგომარეობით კი, ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 176-ს მიაღწია.

სექტემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ყოველ სამ დღეში ორმაგდებოდა. ასეთი ზრდის ტემპი აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მარტში ფიქსირდებოდა.

ამ ტალღამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს, როგორც კორონავირუსისგან თითქმის თავისუფალი ქვეყნის სტატუსზე. მაგალითისთვის, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ მცირე ქვეყნებს შორის, რომლისთვისაც ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, კორონასთან დაკავშირებული მოგზაურობების შეზღუდვები მოეხსნა.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული შუქნიშნის პრინციპის მიხედვით, ქვეყანა „მწვანე ზონად“ ითვლება, თუ:

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს;
  • კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 3%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება.

15 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველო ვერ აკმაყოფილებდა პირველ კრიტერიუმს და „ნარინჯისფერ ზონაში“ მოხვდა. დღეს კი 14 დღის ინციდენტობის მაჩვენებელმა 100 000 მოსახლეზე 32.5-ს მიაღწია. მწვანე ზონაში ხელახლა მოსახვედრად საჭიროა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, ქვეყანაში დადასტურდეს, საშუალოდ, 66-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა. თუ მოცემულ ეპიდემიურ ტენდენციას გავითვალისწინებთ, სცენარის ამგვარი განვითარება თვის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება. შეუსაბამობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სხვაგვარი ზღვრებით, მცირედით განსხვავებულ საზომს იყენებენ.

შერჩეული ქვეყნებისთვის 14 დღის შუალედში კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი. საქართველო აღნიშნულია წითელი ხაზით. წვრილი, ნაცრისფერი ხაზებით აღნიშნულია ქვეყნები სამ მილიონზე მეტი მაცხოვრებლით. მწვანე არე შეესაბამება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ „მწვანე ზონას“. [დაუმუშავებელ მონაცემთა წყაროები: https://covid.ourworldindata.org/data/owid-covid-data.csv (ერთ სულ მოსახლეზე დღიურ შემთხვევათა რაოდენობა ყველა ქვეყნისთვის ეფუძნება დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებს), საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (საქართველოს შემთხვევათა რაოდენობის დასადგენად) და საქსტატი (საქართველოს მოსახლეობის რიცხოვანების უახლესი მაჩვენებლის დასადგენად)].

თუმცა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ზრდის ტემპი მეტ-ნაკლებად შენელდა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიცა და პრემიერ-მინისტრიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. იმავდროულად, მთავრობამ კვლავ დააწესა შეზღუდვა მრავალრიცხოვან შეკრებებზე, ორი კვირით გადადო სასწავლო წლის დაწყება და მოქალაქეებს მოუწოდა, ნიღბის ტარებას უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი მთავრობისთვის არსებულ მდგომარეობას მეტად დელიკატურს ხდის. გაზაფხულზე კორონავირუსის აფეთქების შეკავებაში საქართველოს წარმატება ქართული ოცნებისთვის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გახდა. მომდევნო ორი კვირა, სავარაუდოდ, გადაწყვეტს მთავრობის ბედს კორონავირუსის კრიზისთან გამკლავების თვალსაზრისით.

ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევებით გამოწვეული ვირუსის მძლავრი აფეთქების შეკავება შეუძლებელი არ არის ისეთი ინტენსიური შეზღუდვების დაწესების გარეშეც კი, როგორიც არის კომენდანტის საათი. ამას მოწმობს კორეის შემთხვევა – დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (KDCA) მარტში, როდესაც ეკლესიაში დაახლოებით ათასი მორწმუნისთვის ვირუსის გადადებას მოჰყვა ეპიდემიის მძლავრი აფეთქება, მისი ეფექტიანად მართვა და შეკავება შეძლო. კორეის წარმატების მთავარი მიზეზი კონტაქტების მომძიებელ პირთა არმიაა, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ არა მარტო ტრადიციული, არამედ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მექანიზმებითაც.

მარინა ეზუგბაიას ყოველდღიური ბრიფინგებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაუდგენელი წყაროთი გადაცემულ ახალ შემთხვევათა წილი ყოველდღე სტაბილურად შეადგენს 5-20%-ს. ეს რიცხვები უფრო დაბალია, ვიდრე კორეაში ეპიდაფეთქების ყველაზე მწვავე პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KCDC) მიერ გამოქვეყნებული რიცხვები(დაახლოებით 30 პროცენტი), რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კონტაქტების მოძიება ამ დროისთვის კვლავ ეფექტურად მუშაობს.

ეს შედეგი ტესტირების მაღალ მაჩვენებელსაც უკავშირდება, რომელიც კონტაქტების ეფექტური კვლევის უმთავრესი კომპონენტია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტესტირების მონაცემების მიხედვით, ვირუსის დადასტურების მაჩვენებელი სტაბილურად 3 პროცენტს ქვემოთ რჩება.

თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამჟამინდელი აფეთქების სწრაფად შეკავებას მოახერხებენ, ეჭვგარეშეა, რომ მთავრობას დასაყრდენი მიეცემა. ეს დაადასტურებს, რომ გაზაფხულზე გატარებულმა მკაცრმა ზომებმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ქვეყანაში დროის მოგებისა და ეფექტური საპასუხო მოქმედებების განვითარების საშუალება მისცა, გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე და ინტენსიური შეზღუდვების გარეშე ეპიდემიის შემდგომი კონტროლისკენ გაუკვალა გზა.

თუმცა, თუ ეპიდემია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, უფრო და უფრო მკაფიოდ გახმიანდება იმ ადამიანების შეხედულებები, რომლებიც მთავრობას ადანაშაულებენ ვირუსზე გამარჯვების ნაადრევ ზეიმსა და მომდევნო ტალღასთან შესახვედრად მოუმზადებლად ყოფნაში– ამ შემთხვევაში კი გრიპის სეზონზე გამოჩენილ ვირუსის ახალ ტალღას თან მოჰყვება უფრო მეტი შეზღუდვები, მეტი ეკონომიკური სიდუხჭირე და საზოგადოების მზარდი გულისწყრომა.

ქვეყანათა ჯგუფებისთვის 14 დღის შუალედში კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი. წითელი ხაზით აღნიშნულია საქართველო, ხოლო მწვანე არე შეესაბამება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ „მწვანე ზონას“. შენიშვნა: ბოლო ორი გრაფიკი განსხვავებული მასშტაბითაა წარმოდგენილი. [დაუმუშავებელ მონაცემთა წყარო იგივეა, რაც პირველ დიაგრამაში].

ტექსტი თარგმნილია ინგლისურიდან სალომე ჩხაიძის მიერ.


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე: Covidingeorgia.com-ზე. ავტორი ლორენც ჰილფიკერი ამჟამად თბილისში იმყოფება და მონაცემების გამოყენებით ქმნის მასალებს საქართველოში covid-19-ის შესახებ. ის არის ფიზიკა-მათემატის მეცნიერებების დოქტორი, სამეცნიერო ხარისხი მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი