ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლებთან და გამტაცებელთან დაკავშირებული ვითარების გაშუქებას.
„მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა“, – წერს ქარტია.
„კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება“, – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ქარტიის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით:
- არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს;
- არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს;
- არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს“, – წერია განცხადებაში.
21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ახლა 500 000 აშშ დოლარს ითხოვს გამოსასყიდის სახით. „ნეტგაზეთმა“ მოკლედ შეაჯამა, თუ როგორ ვითარდება მოვლენები [17:10 საათის მონაცემებით]:
19 მძევალი, თავდამსხმელი ხელყუმბარით და $500 ათასი – რა ხდება ზუგდიდში