ახალი ამბები

ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ ორი პირი დაემუქრა

21 ოქტომბერი, 2020 • 1831
ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ ორი პირი დაემუქრა

“ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნსემენი ავთანდილ წერეთელი აცხადებს, რომ ლისის ტერიტორიაზე ორი კაცი დაემუქრა.

როგორც “ტვ პირველს” ავთანდილ წერეთელმა უთხრა, ლისის ტბაზე სავარჯიშოდ იყო ასული, რა დროსაც მასთან ორი ახალგაზრდა კაცი მივიდა და დაემუქრა. წერეთლი ასევე ამბობს, რომ ეს ადამიანები მისგან მოითხოვდნენ, “ტვ პირველი” გაჩერებულიყო”, წინააღმდეგ შემთხვევაში, “მოუვლიდნენ”.

“ლისის ტბაზე სავარჯიშოდ ყოველდღე დავდივარ.  ორი ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი გადამიდგა [გზაზე]. კამერებმა დააფიქსირა ეს ორი ადამიანი… მივმართავთ, ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო”,-ამბობს ავთანდილ წერეთელი.

თავად ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს და “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შეწყდეს მისი ოჯახის დევნა, რადგან, როგორც თავად ამბობს, “ტვ პირველი” იქნება ისეთი, როგორიც არის.

“ჯერ იყო და სასამართლოდან პირდაპირ გულის შეტევით მოახვედრა “ქართულმა ოცნებამ” საავადმყოფოში და ღვთის წყალობით გადარჩა. დღეს უკვე პირდაპირ ემუქრებიან სიცოცხლის ხელყოფით. ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას. “ტვ პირველი” არის და იქნება ყოველთვის ისეთი, როგორიც არის”,-აცხადებს ვატო წერეთელი.

მომხდარის შესახებ ვატო წერეთელმა Facebook-ზეც დაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიება მოითხოვა:

https://www.facebook.com/vato.tsereteli.712/posts/696198111275656

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიცია ავთანდილ წერეთელს დაუკავშირდა და მას გამოკითხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი