ახალი ამბები

საია: გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

20 ოქტომბერი, 2020 • 2059
საია: გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე.

საია გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი,  342-ე და 2592 -ე მუხლებით ითხოვს, რაც სამსახურებრივ გულგრილობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ნახეთ საიას არგუმენტები სრულად:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა და არ არის გათვალისწინებული კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის.

“პრობლემის გამოვლენისთანავე, ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის მარტში მოითხოვა აღნიშნულ კრამიტთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება და კრამიტის გადახურვის შეცვლა, რაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. ამ პირობის თანახმად, შემსრულებელ კომპანიას უნდა უზრუნველეყო საექსპლუატაციო ვადაში გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა. ამ ეტაპზე შემსრულებლის მიერ დამზადებულია სანიმუშო კრამიტები, რომელიც ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე სრულფასოვან ექსპერტიზას გადის”, – აცხადებდნენ სააგენტოში.

ივლისში გავრცელებულ განცხადებაში ასევე ეწერა, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზებია დაფიქსირებული ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სადაც გადახურვებზე არსებული დეფექტები, სავარაუდოდ, კირის ამორტიზებულ შევსებებს უკავშირდება, განსაკუთრებით, გადახურვებისა და კედლის შეპირაპირების ადგილებში.

სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთი მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად კი, სააგენტოს განცხადებით, ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები.

საია-ში მიაჩნიათ, რომ მართალია, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მხოლოდ “ხარვეზებად” არის მოხსენებული სამუშაოების დროს გამოვლენილი დარღვევები, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებასთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

“გელათში ტაძრის გადახურვის საუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა” – სააგენტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი