ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პომპეო სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს – Politico

20 ოქტომბერი, 2020 •
პომპეო სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლებს – Politico

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პარასკევს, 23 ოქტომბერს, შეხვდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ზოჰრაბ მნაცაკანიანს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, პარასკევს პომპეოს ჯერ ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდება, შემდეგ კი- ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

Politico-ს თანახმადვე, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, მინისტრები ერთმანეთსაც თუ შეხვდებიან, ან პომპეოსთან ერთად თუ გამართავენ ორმხრივ შეხვედრას. სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია  შეხვედრების შესახებ ოფიციალური ცნობები.

მნაცაკანიანმა და ბაირამოვმა 10 ოქტომბერს მოსკოვში, სერგეი ლავროვის მედიაციით გამართეს მოლაპარაკებები, რომელიც 11 საათს გაგრძელდა. მათ ჰუმანიტარული ზავის პირობა დადეს, თუმცა ორივე მხარემ მალევე გამოაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ზავს არღვევდა. იგივე მოხდა 18 ოქტომბერსაც.

ამის შემდეგ, 19 ოქტომბერს, მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზაობა თავად ალიევმა და ფაშინიანმა გამოთქვეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ან ვისი მედიაციით.

როგორც Politico წერს, მინისტრების ვიზიტი ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციას აძლევს შანსს, აჩვენოს „გლობალური ლიდერობის მცდელობა“ წინასაარჩევნოდ.

რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იმედოვნებს, „სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ“; მის ამ განცხადებაზე ბაქოში თქვეს, რომ „არ შეესაბამება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის სტატუსს“.

მთიანი ყარაბაღის გამო ბრძოლები უკვე 24-ე დღეა, გრძელდება.

ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებების მე-18 დღე ყარაბაღში

ბაქო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გაანადგურა

მასალების გადაბეჭდვის წესი