ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებების მე-18 დღე ყარაბაღში

14 ოქტომბერი, 2020 • 882
ომი გრძელდება – საბრძოლო მოქმედებების მე-18 დღე ყარაბაღში

სომხური და აზერბაიჯანული მხარეების ცნობით, ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საომარი მოქმედებები გრძელდება.

“მთელი ღამის განმავლობაში ზოგიერთ მონაკვეთში საარტილერიო საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდა. დილით მოწინააღმდეგემ ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით განაახლა სარაკეტო-საარტილერიო მოქმედებები სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებებით. არაწხის [მთიანი-ყარაბაღის] არმიის ქვედანაყოფები საზღვრების დაცვის მიზნით წინააღმდეგობას უწევენ”, – წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანი შუშან სტეფანიანი ფეისბუკზე.

რაც შეეხება ბაქოს პოზიციებს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა ძალებმა 14 ოქტომბრის ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობაზე მტრის, თავდასხმის მცდელობები აღკვეთა მისი სარაკეტო კომპლექსების განადგურებით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ოფიციალურად მოქმედებს ჰუმანიტარული ზავი, რომელიც მოსკოვში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით, დაახლოებით 11- საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე არღვევს ზავის პირობებს.

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური ბაქო პერიოდულად იუწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი