ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გაანადგურა

20 ოქტომბერი, 2020 • 1089
ბაქო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გაანადგურა

“აზერბაიჯანულმა არმიამ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით წარმოებული მოქმედებებით მოწინააღმდეგე მხარის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა [მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები] და სამხედრო ტექნიკა გაანადგურა”, – ინფორმაციას აზერბაიჯანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო apa.az ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, მათი ჯარები “მთელ ფრონტზე ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 20 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვითაც, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო შეტაკებები ძლიერი ინტენსივობით გრძელდება.

Հյուսիսային թևում հակառակորդը կիրառում է ավիացիա և հրետանի։ Հարավային ուղղությամբ ինտենսիվ ծանր մարտերը շարունակվում են։…

Posted by Shushan Stepanyan on Monday, 19 October 2020



აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ე.წ. ჰუმანიტარული ზავი ორჯერ დაიდო, თუმცა ორივეჯერ, ზავის ამოქმედებიდან მალევე, მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევდა.

27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური ბაქო პერიოდულად იუწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე განახლებულ ინფორმაციას გაეცანით აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი