ახალი ამბები

PCR ტესტირება ჩატარდება კარვებში,კლინიკის მიმდებარედ – ევექსი

19 ოქტომბერი, 2020 • 1977
PCR ტესტირება ჩატარდება კარვებში,კლინიკის მიმდებარედ – ევექსი

„ევექსი“ ამბობს, რომ ამიერიდან PCR ტესტირებები პოლიკლინიკების მიმდებარედ, სპეციალურად აღჭურვილ კარვებში ჩატარდება.

განცხადებაში, რომელსაც „ევექსი“ ავრცელებს, ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტთა რაოდენობის ზრდისა და მათთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. ამასთანავე, ტესტირებისთვის მოქალაქეები წინასწარ უნდა ჩაეწერონ.

„19 ოქტომბრიდან ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში COVID 19-ის PCR ტესტირების სერვისზე მოქმედებს შემდეგი წესები:

  • PCR ტესტირებისთვის მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა. იმისათვის, რომ კლინიკაში მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთოების ნორმები, სერვისზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 55 05 05;
  • წინასწარი ჩაწერის დროს მომხმარებლებს შევთავაზებთ ევექსის პოლიკლინიკას, სადაც კვლევის ჩატარება შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 24 საათისა;
  • მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში თუ ვერ უზრუნველვყოფთ არაუგვიანეს 24 საათისა თქვენს ჩაწერას PCR კვლევაზე, შეგეძლებათ კვლევა ჩაიტაროთ თბილისში არსებულ 100-მდე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია აღნიშნული სერვისის მიღება;
  • PCR ტესტირება ჩატარდება თბილისში პოლიკლინიკების მიმდებარედ, ღია სივრცეში, სპეციალურად აღჭურვილ კარვებში, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად გავმიჯნოთ პაციენტთა ნაკადები და მაქსიმალურად შევამციროთ COVID 19-ის რისკები.
  • შეგახსენებთ, COVID 19-ის PCR ტესტირების საჭიროების მქონე პირებს ევექსის პოლიკლინიკების გარდა შეუძლიათ კვლევა ჩაიტარონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ თბილისის სხვა ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევექსში“ ამბობენ, რომ პოლიკლინიკებში სერვისის გაცემა გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით მიმდინარეობს.


19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 143.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი