“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები არასასურველია, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანა არჩევნების მშვიდად ჩასატარებლად უნდა მოემზადოს.
ჯაფარიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ყველა წესის დაცვით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა:
“დღის წესრიგი არ შეცვლილა და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა ყველა წესის მკაცრი დაცვით. მოვუწოდებ ყველას, გავითვალისწინოთ მედიკოსების რჩევა, რომ პანდემიამ უკონტროლო განვითარების სახე არ მიიღოს. პანიკის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ – ციფრები საკმაოდ მაღალია.
მშვიდად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მივიღოთ მონაწილეობა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს არჩევნების მეორე დღიდანვე. მთავარია, მოსახლეობა არ მოიცვას შიშმა, რასაც მიზანდასახულად ავრცელებს ხელისუფლება. ფაქტია, “ქართული ოცნება” ვერ მართავს სიტუაციას და როგორც კი ჩვენ გადავიბარებთ ხელისუფლებას, შევძლებთ როგორც ქვეყნის, ასევე კოვიდის მართვას,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რამდენიმე დღის წინ “ლელოს” ვაკის მაჟორიტარობსი კანდიდატმა, ლევან კობერიძემ არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, და მოუწოდა მოეწვიათ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.
კობერიძე ამბობდა, რომ აუცილებელია საჯარო ფორმატში განიხილონ, შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს, COVID პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარება.
დღეს, 18 ოქტომბერს კი კობერიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” KGB მეთოდებით მოქმედებს, როდესაც მას არჩევნების გადადების მოთხოვნას აბრალებენ, რაც მისი თქმით, მას არ მოუთხოვია.
“KGB მეთოდებით მოქმედებს “ოცნება”, არ მოგითხოვია არჩევნების გადადება და გაბრალებენ ” – კობერიძე