ახალი ამბები

კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს

16 ოქტომბერი, 2020 • 794
კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე განცხადებას ავრცელებს და არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.

როგორც კობერიძე აცხადებს, აუცილებელია საჯარო ფორმატში განიხილონ, შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს, COVID პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარება:

“მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით. აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე. მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს – ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან, და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს”,-აცხადებს კობერიძე.

16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, 246-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 613. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 714-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 721 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი