ნეტგაზეთი | აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ჰუმანიტარული მიზნებით, ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც ერევანში, ისე ბაქოში.

მხარეთა თანახმად, ჰუმანიტარული ზავი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ჰუმანიტარული ზავი გასულ კვირასაც ამოქმედდა  მოსკოვში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით, დაახლოებით 11- საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე არღვევს ზავის პირობებს.

მხარეთა ცნობით, მეორე შეთანხმების მიღწევისას, მხედველობაში მიიღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის – პრეზიდენტთა განცხადებები, 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებასთან ერთად.

აღნიშნულს წინ უძღოდა აზერბაიჯანის განცხადება, რომლის თანახმადაც 17 ოქტომბერს, 01:00 საათზე, მოწინააღმდეგემ კვლავ დაბომბა ქალაქი განჯა, რასაც 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა სომხურმა მხარემ და მისი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო. თავის მხრივ, სომხეთი სტეფანაკერტის დაბომბვაზე საუბრობდა აზერბაიჯანის მხრიდან.


მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა რაოდენობა საერთო რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ბაქო პერიოდულად იწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან