ახალი ამბები

სამი სარაგბო კლუბის წევრებს COVID-19 დაუდასტურდათ

16 ოქტომბერი, 2020 • 972
სამი სარაგბო კლუბის წევრებს COVID-19 დაუდასტურდათ

სამი ქართული სარაგბო კლუბის წევრს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “მთავარ არხს” რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

რაგბის კავშირის კოვიდ-მენეჯერის, ბესო ჩადუნელის თქმით, თითოეულ გუნდში COVID-19 თითო მოთამაშეს დაუდასტურდა, მათ ახლო კონტაქტებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ.

როგორც რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი ამბობს, ორი კლუბი, რომლის მოთამაშეებსაც ვირუსი დადუასტურდათ, “დიდ ათში” ასპარეზობს, ერთი კი -პირველ ლიგაში. მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ კლუბების მორაგბეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ და შიდა ტურნირებში ასპარეზობას აღარ გააგრძელებენ.

რაც შეეხება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს, რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით, “ბორჯღალოსნები” უკვე სამი კვირაა თვითიზოლაციაში იმყოფებიან და, შესაბამისად, ამ მხრივ დაცულები იყვნენ:

“დადასტურებულია სამ კლუბში, მათ შორის, ორი კლუბი “დიდ 10-ში” ასპარეზობს. ცხადია, ეს წინასწარ გვქონდა განსაზღვრული, ამას ვერ ავცდებოდით, როგორ ფრთხილადაც არ უნდა ვყოფილიყავით. შესაბამისი რეგულაციები არსებობდა. ნაკრების წევრები, განსხვავებით შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებისგან, იზოლაციაში იმყოფებიან”, – ამბობს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი