ახალი ამბები

ზედანია: ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით აუდიტორიებში სწავლის დაწყება საშიში მგონია

15 ოქტომბერი, 2020 • 1326
ზედანია: ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით აუდიტორიებში სწავლის დაწყება საშიში მგონია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 19 ოქტომბერს უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სასწავლო პროცესის აღდგენას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

ზედანიას თქმით, უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაციაა. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ფიზიკური დისტანციის დაცვა ეფექტიანი პრევენციული ზომა ვერ იქნება.

“შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალიან საშიში მგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა 19 ოქტომბერს. რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს – ასევე.

ეს გასაგებიცაა – უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაციაა. როგორც არ უნდა ვცადათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა”, – ამბობს ზედანია.

მისი თქმით, დედაქალაქში ეპიდემია ისეთი აღმავალია, სჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს, რისი პრაქტიკაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია:

“საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი – ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელათვისაც საფრთხე შეიძლება გავხდეთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, სჯობს, უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა”, – ამბობს ზედანია. 

დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უმაღლეს სასწავლებლებში 19 ოქტომბერს სასწავლო პროცესის განახლების შესახებ არ შეცვლილა. მისი თქმით, სადაც შესაძლებელია, სასწავლებლებს მიეცემათ რეკომენდაცია, პროცესი დისტანციურად წარმართონ, მაგრამ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩატარდება.

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.

უნივერსიტეტებში სწავლის 19 ოქტომბერს დაწყების გადაწყვეტილება ძალაში რჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი