ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა – WaPo

15 ოქტომბერი, 2020 • 1758
ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა – WaPo

„როიტერსის“ და „გარდიანის“ შემდეგ, ამერიკული გამოცემები, Washington Post და Wall Street Journal-იც იუწყებიან, რომ თურქეთის მხარდაჭერით სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან ყარაბაღის კონფლიქტში. ბაქო და ანკარა ამ ცნობებს უარყოფენ.

Washington Post-ის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია სცენა, თუ როგორ ელიან სირია-თურქეთის საზღვარზე ნათესავები 52 სირიელი კაცის ცხედრების გადასვენებას სატვირთო მაცივრით;

გამოცემის თანახმად, ნათესავები ამბობენ, რომ ეს 52 ადამიანი იმ მებრძოლებს შორის იყო, რომლებიც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიული მილიციის გავლით ჩაიყვანეს მთიანი ყარაბაღის განახლებულ ომში საბრძოლველად; გამოცემის ცნობითვე, ისინი ომში დაიღუპნენ.

„საზღვრების გადასაწევად წავიდნენ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი გარდაცვლილის, 38 წლის სირიელი მებრძოლის, მაჰმუდ ნაჯარის ბიძაშვილს.

მაჰმუდ ნაჯარი. წყარო: Washing Post

Wall Street Journal ასევე ციტირებს რამდენიმე წყაროს: ერთ-ერთ სირიელ აჯანყებულს, რომელსაც, გამოცემის ცნობით, დაავალეს ყარაბაღში წამსვლელ სხვა მებრძოლთა სიის მომზადება და რომელიც ამბობს, რომ ბრძოლაში წასულებს 2000 აშშ დოლარს უხდიან; ასევე, ციტირებს კიდევ ერთ 38 წლის კაცს, რომელიც ამბობს, რომ მას პირადად 1500 აშშ დოლარს უხდიან, — სირიაში არსებულ შემოსავლებთან შედარებით დიდი რაოდენობის თანხა, —სწორედ ეს იყო მოტივაცია, დათანხმებოდა ყარაბაღში საბრძოლველად წასვლას.

WSJ-ის თანახმადვე, კიდევ ერთი მებრძოლი ამბობს, რომ სირიიდან ყარაბაღში სექტემბრის შუა რიცხვებიდან ხდება მებრძოლთა გადაყვნა მცირე, 100-100-კაციან ჯგუფებად; კიდევ ერთის თქმით, ასობით მებრძოლია წასული და უკან ათობითაა დაბრუნებული, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილზე „სასტიკი ბრძოლა“ მიმდინარეობს. გამოცემები წყაროების ვინაობას არ ასაჯაროებენ.

ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა და ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, დღემდე არ შეწყვეტილა.

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მედიაში სექტემბრის ბოლოდან გავრცელდა ცნობები თურქული ძალების ხელშეწყობით აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების სავარაუდო დისლოკაციის შესახებ, რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი თავიდანვე უარყოფდნენ.

ვრცლად:

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი