ნეტგაზეთი | თურქულმა ფირმამ სირიელი მებრძოლები დაიქირავა აზერბაიჯანში გასაგზავნად – წყაროები თურქულმა ფირმამ სირიელი მებრძოლები დაიქირავა აზერბაიჯანში გასაგზავნად – წყაროები – Netgazeti
RU | GE  

თურქულმა ფირმამ სირიელი მებრძოლები დაიქირავა აზერბაიჯანში გასაგზავნად – წყაროები

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მედიაში ვრცელდება ცნობები, თურქული ძალების ხელშეწყობით, აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების სავარაუდო დისლოკაციის შესახებ, რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი უარყოფენ.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian) წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების წინ თურქულმა უშიშროების კერძო ფირმამ სირიელი მეამბოხეები დაიქირავა აზერბაიჯანში საზღვრის დასაცავად.

სირიაში წყაროები გამოცემას ეუბნებიან, რომ მებრძოლების მობილიზაცია დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს „როიტერსი“ (Reuters).

მებრძოლთა მონათხრობი

„გარდიანი“ წერს, რომ ესაუბრა სამ კაცს, — მებრძოლებს, — რომლებიც ცხოვრობენ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს.

მათი მონათხრობის თანახმად, მილიციის უფროსებისგან და ბროკერებისგან მიიღეს დაპირება, რომ თურქული უსაფრთხოების კომპანიაში იმუშავებდნენ. ისინი ჯერჯერობით ელოდებიან, თუ როდის მოხდება მათი დისლოკაცია თურქეთის საზღვარზე, საიდანაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში გადაიყვანენ.

ქალაქ აზაზში მცხოვრები ძმები, რომელთა ვინაობასაც „გარდიანი“ მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით არ ამხელს, გამოცემასთან ამბობენ, რომ ქალაქ აფრინში მდებარე სამხედრო ბანაკში 13 სექტემბერს გამოიძახეს.

მისვლისას მათ „სულთან მურადის“ დივიზიის [თურქეთის მხარდაჭერილი ჯგუფი სირიის სამოქალაქო ომში] მეთაურმა უთხრა, რომ აზერბაიჯანში გაჩნდა სამუშაო „ნავთობისა და გაზის ობიექტებისა და სადამკვირვებლო პოსტების დასაცავად“.

ამ საქმისთვის განსაზღვრულია ანაზღაურება 7-დან 10 ათასამდე თურქული ლირით (700-1000 ევროთი). ეს თანხა, მათი თქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე იდლიბში შეუძლიათ გამოიმუშაონ.

მეთაურს არ დაუზუსტებია, თუ დეტალურად რას ითვალისწინებდა ეს სამუშაო, ან რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ან როდის შეიძლება წასულიყვნენ. მებრძოლებმა ასევე არ იციან სახელი იმ კერძო დაცვის კომპანიისა, რომელსაც უნდა წაეყვანათ, ან ის, თუ ვინ გადაუხდიდა მათ ფულს.

„ლიდერმა გვითხრა, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, უბრალოდ, დავეხმარებით გარკვეული ადგილების დაცვაში“, – ამბობს ერთ-ერთი მებრძოლი. „ჩვენი ხელფასები აქ საცხოვრებლად საკმარისი არ არის, ამიტომ ამას ვუყურებთ, როგორც კარგ შესაძლებლობას, რომ ფული გამოვიმუშაოთ“.

როგორც გამოცემა წერს, დაპირებული ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე 450-550 ლირა, რასაც სირიელი მებრძოლები ანკარისგან ყოველთვიურად იღებენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„გარდიანის“ თანახმად, ლიბიაში წასულებსაც ჰპირდებოდნენ, რომ დაცვაში იმუშავებდნენ, თუმცა, როდესაც იქ ჩავიდნენ, ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ ბრძოლაში ჩაბმულები.

სხვა წყაროები

ქალაქ იდლიბში მცხოვრები კიდევ ერთი კაცი, რომელმაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასევე ითხოვა ვინაობის გაუთქმელობა, „გარდიანს“ უამბობს, რომ:

გაიგო აზერბაიჯანში სამუშაოსა და სავარაუდო გამგზავრების შესახებ, გაიკითხა იმ ბროკერის ნომერი, ვინც რეკრუტირებას ახდენდა, დაურეკა, ჩააწერინა თავისი სახელი, დასაქმების სანაცვლად 200$-ის გადახდა მოსთხოვეს, რასაც დათანხმდა. ამის შემდეგ, 22 სექტემბერს, აფრინში გამოიძახეს 150 კაცთან ერთად და უთხრეს, გასამგზავრებლად მომზადებულიყო. იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით კი უთხრეს, რომ გამგზავრება გადაიდო.

„თავიდან როცა გვთავაზობდნენ საზღვარგარეთ, ლიბიაში მუშაობას, ხალხს ეშინოდა წასვლა, მაგრამ ახლა ნამდვილად ათასობით ვართ, ვინც თანახმაა, წავიდეთ გინდა ლიბიაში, გინდა- აზერბაიჯანში“, – ამბობს იგი „გარდიანთან“ საუბრისას.

ორ სირიელ მებრძოლზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ (Reuters) კი წერს, რომ ესაუბრნენ ორ სირიელ მებრძოლს, რომლებაც უთხრეს, რომ ანკარიდან მიღებული მითითებებით, აზერბაიჯანში გადაჰყავდათ. გამოცემის თანახად, ერთ-ერთი მათგანი დაჯგუფება აჰრაჰ ალ-შამში იბრძოდა, მეორე კი -„ჯაიხ ალ ნუხბაში“. სააგენტო წერს, რომ წყაროების მიწოდებული ინფორმაცია დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმეს.

„მებრძოლები უკვე ჩავიდნენ აზერბაიჯანში“?

„გარდიანი“ ასევე იუწყება, რომ სირიის ნაციონალურ არმიასა [სირიელი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძირითადი ჯგუფი] და „ადამიანის უფლებათა სირიულმა ობსერვატორიაში“ (SOHR-ში) წყაროები ეუბნებიან, რომ „სულთან მურადის“ და „ალ ჰამზას“ დივიზიებიდან გაგზავნილი 500 მებრძოლი უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში;

მათ შორის, ამავე წყაროების ცნობით, ჩასულია ორი მეთაური: ფაჰიმ აისა „სულთან მურადიდან“ და საიფ აბუ ბაქირი „ალ ჰამზადად“. „გარდიანი“ წერს, რომ ამ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებენ.

28 სექტემბერს სომხეთის ელჩმა რუსეთში, ვარდან ტოგანიანმა განაცხადა, რომ 4000 სირიელი მებრძოლი უკვე აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ანკარა და ბაქო უარყოფენ

ეს ბრალდება აზერბაიჯანმა უარყო:

„ჭორები სირიელი მებრძოლების აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, გადმოსხმის შესახებ არის სომხური მხარის მორიგი პროვოკაცია და სრული სისულელეა“, – განაცხადა ჰიკმეთ ჰაჯიევმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა.

როგორც „გარდიანი“ წერს, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში წყარომ განუცხადა, რომ თურქეთი მკაფიოდ უარყოფს მსგავს ცნობებს:

„ჩვენი მხარდაჭერა შემოიფარგლება სამხედრო რჩევების მიცემითა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაწვრთნით. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო არ ახდენს მილიციელების რეკრუტირებას და გადაყვანას მსოფლიოს არცერთ წერტილში“.

კონტექსტი

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას ინტენსიურად განახლდა. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების 29 სექტემბრის დილის გავრცელებული ინფორმაციით, ყარაბაღში ინტენსიური საომარი მოქმედებები ამჟამადაც გრძელდება.

მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და ირანმა. უკიდურესი შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა. მხარეებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

უცხოელი მებრძოლების ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას ბაქოსა და ერევანს შორის.

„გარდიანის“ თანახმად, სირიელი მებრძოლების შესაძლო გადასხმა აზერბაიჯანში არის იმის ნიშანი, რომ თურქეთს აქვს დიდი სურვილი, გააფართოოს ძალაუფლება საზღვარგარეთ, ამავე დროს არის „მესამე ფრონტი“ მოსკოვთან დაპირისპირებაში, სირიასა და ლიბიაში დაპირისპირების შემდეგ.

ვრცლად რუსეთისა და თურქეთის ინტერესებზე:

თურქეთისა და რუსეთის ინტერესები და საქართველოს როლი ყარაბაღის კონფლიქტში

გარეკანის ფოტოზე: თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები საერთო წვრთნებისას აზერბაიჯანში. ფოტო: სააგენტო ანადოლუ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com