ახალი ამბები

ბაჩანა შენგელია სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

14 ოქტომბერი, 2020 • 815
ბაჩანა შენგელია სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

2018 წელს გარდაცვლილი პედაგოგის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსნის საჯარო სკოლის დირქტორს ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტრომ მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა, რასაც თვითონ მისი შვილის, ბექა ლელუაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ლელუაშვილი მცხეთაში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის თანამებრძოლია.

განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

“აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი. სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს წერილობით კომენტარში, რომელიც უწყებამ ნეტგაზეთს წერილობით გამოუგზავნა.

ვადის ამოწურვის შემდეგ სკოლის დირექტორების ნაწილს თბილისშიც აღარ გაუგრძელეს უფლებამოსილების ვადა, რამაც რამდენიმე სკოლაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

15 სექტემბერს ბრიფინგი გამართა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, სერგო რატიანმაც. მისი თქმით, სექტემბრის დასაწყისში თბილისის მასშტაბით 177 სკოლიდან 110 სკოლის დირექტორს უფლებამოსილების 6- წლიანი ვადა გაუვიდა და ხელშეკრულება შეუწყდა. მიუხედავად ამისა, რატიანის ცნობით, სამინისტრომ დირექტორობის მოვალეობის შესრულების უფლება დირექტორების დაახლოებით ნახევარს მისცა, ნახევარი კი სკოლიდან გაუშვა. რატიანმა ასევე მიმართა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე გაუგრძელდა ხელშეკრულება სკოლის დირექტორების მხოლოდ ნაწილს და დაუყოვნებლივ ჩაატაროს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის საჭირო გამოცდები, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა ბაჩანა შენგელიაც:

“სიტუაცია არის შემდეგი: საჯარო სკოლების არჩეული დირექტორების უმრავლესობას თანამდებობაზე ყოფნის ვადა გასდის 2020 წელს. ამ წლის აპრილში იყო დანიშნული დირექტორების შესარჩევი კონკურსი, რომელიც პანდემიის მიზეზით გადაიდო. ნუ, ის, რომ ეს კონკურსი დღემდე არ დაინიშნა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც გაცილებით დიდი მასშტაბის ეროვნული გამოცდები ჩატარდა, ეს ცალკე პრობლემაა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე, პარტია ,,ქართულ ოცნებას”, მოითხოვონ საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც ამ მომენტისთვის თანამდებობაზე მყოფ ყველა დირექტორს ვადა გაუგრძელდება პირობითად 2021 წლის 15 მარტამდე. ამ დროისთვისჯ ჩავლილი იქნება საარჩევნო პერიპეტიები, დამტკიცებული იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობაც.

შესაბამისად, ფიზიკურად აღარ იქნება დირექტორებით მანიპულაციის ბერკეტი წინასაარჩევნოდ, რაც ვფიქრობ, ხელისუფლებასაც უნდა აწყობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქმედ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას”, – ნათქვამია ბაჩანა შენგელიას მიმართვაში.

ის ამ საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველის აპარატს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვს.


ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და გარდაიცვალა. სახელმწიფო უწყებებმა უარყვეს ზეწოლის ბრალდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი