ახალი ამბები

სოლიდარობის აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

13 ოქტომბერი, 2020 • 1014
სოლიდარობის აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

სოლიდარობის აქციაზე შეკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის მერის გინება.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს, არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

შემთხვევას გამოეხმაურა „ჟურნალიტური ეთიკის ქარტია“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

ამ დრომდე აღნიშნულ თემას არ გამოხმაურებია „ქართული ოცნება“. ვარდმანიძე სწორედ „ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი