ახალი ამბები

“ყველაფერზე გავაკეთებ განმარტებებს” – ნოღაიდელი

13 ოქტომბერი, 2020 • 1629
“ყველაფერზე გავაკეთებ განმარტებებს” – ნოღაიდელი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც “კარტოგრაფების საქმეზე” გუშინ პროკურატურაში გამოკითხეს, ამბობს, რომ მედიისთვის განმარტებების გაკეთებას აპირებს, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით. ამის შესახებ ნოღაიდელმა ნეტგაზეთს განუცხადა.

ზურაბ ნოღაიდელი  აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” პროკურატურაში გამოიკითხა. ეს ამბავი ნოღაიდელმაც დაადასტურა და პროკურატურამაც, თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გარდა ამისა, გუშინ სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში გავრცელდა ზურაბ ნოღაიდელის ძველი “წერილი”, რომელსაც აზერბაიჯანის პრემიერს წერს. წერილში საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას დახმარებას სთხოვს დავითგარეჯის კომპლექსის იმ ძეგლების რეაბილიტაციის საკითხში, რომელიც “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება”. ამ დროისთვის უცნობია ამ წერილის ავთენტურობა, ასევე, წერილში არ არის დაკონკრეტებული, უშუალოდ რომელ ძეგლებზეა საუბარი – ლაპარაკია უდაბნოს და ჩიჩხიტურის ძეგლებზე, რომელიც საზღვრის ნაწილში ამ დრომდე შეუთანხმებელია მხარეებს შორის, თუ, მაგალითად, ბერთუბანზე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა? ამ კითხვების დასმა ნოღაიდელთან ვერ მოვახერხეთ, ის ამბობს, რომ ახლო მომავალში გააკეთებს ყველაფერზე განმარტებებს.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა.

როგორც ცნობილია, კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი