ახალი ამბები

ჩემი მინისტრობის პერიოდში დავითგარეჯის მონაკვეთზე შეთანხმება არ მიღწეულა — ზურაბიშვილი

12 ოქტომბერი, 2020 • 758
ჩემი მინისტრობის პერიოდში დავითგარეჯის მონაკვეთზე შეთანხმება არ მიღწეულა — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას საკითხი დღის წესრიგში იდგა, თუმცა საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის, ავითგარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები არ შეთანხმებულა.

ზურაბიშვილის თქმით, “ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი”, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მის მიმართ კითხვები კიდევ არსებობს.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” გამოძიება 2006-2007 წლებში საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება და არა მის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005).

“ამის მიუხედავად, და იმიტომ, რომ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჭიროდ მიმაჩნია, კიდევ ერთხელ საჯაროდ გაგიზიაროთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს. დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც აზერბაიჯანელ ასევე, სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს.

მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს. მეორე მხრივ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია.
აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერც ერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული.

ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხევდრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის, იყო დავითგარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები.

საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი”, — აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, მისი მინისტრობის შემდეგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე, მისთვის უცნობია იმის შესახებ, თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

პროვოკაცია თუ სახელმწიფო ინტერესების დაცვა – რატომ იძიებს პროკურატურა დავითგარეჯას საკითხს?

მასალების გადაბეჭდვის წესი