ახალი ამბები

არჩევნები ვენაში: მძიმე შედეგები ულტრამემარჯვენეებისთვის

12 ოქტომბერი, 2020 • 726
არჩევნები ვენაში: მძიმე შედეგები ულტრამემარჯვენეებისთვის

ავსტრიის დედაქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობამ კვლავ მემარცხენე ცენტრისტულ “სოციალ-დემოკრატებს” დაუჭირა მხარი. ამ პარტიამ, ისევე როგორც კონსერვატორებმა და მწვანეებმა, წინა არჩევნებთან შედარებით, შედეგები გააუმჯობესეს, ულტრამემარჯვენე ძალებმა კი მასშტაბური ვარდნა აჩვენეს.

ეგზიტპოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე შეხედულებებით გამორჩეულ “თავისუფლების პარტიას” ამორჩეველთა 7.5%-მა დაუჭირა მხარი. ამ მონაცემებით, წინა არჩევნებთან შედარებით, პარტიის მხარდაჭერა დედაქალაქში 23.3%-ით არის შემცირებული. Europe Elect-ის თანახმად, ეს არის პარტიული მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა ავსტრიის რეგიონული არჩევნების ისტორიაში.

ულტრამემარჯვენეების რეიტინგის ვარდნა გასული წლიდან დაიწყო, როცა პარტიის აწ უკვე ყოფილი ლიდერი და ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე კორუფციულ სკანდალში გაეხვა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ სთავაზობდა შტრახე სახელმწიფო კონტრაქტებს რუსი ოლიგარქის ნათესავად და რუს ინვესტორად წარმოდგენილ ქალს, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა.

სკანდალს მოჰყვა დაშლა ავსტრიის მთავრობისა, რომელსაც იქამდე ულტრამემარჯვენეები და კონსერვატორები აკომპლექტებდნენ. შტრახე ვიცე-კანცლერის თანამდებობიდან გადადგა, თავისი პარტია დატოვა და ახალი პარტია ჩამოაყალიბა, რომელმაც 11 ოქტომბრის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა და ქალაქის მმართველ ორგანოში ვერც ერთი მანდატი მიიღო.

წინა არჩევნებთან შედარებით, თავიანთი შედეგი მცირედით გააუმჯობესეს სოციალ-დემოკრატებმა. ეგზიტპოლის თანახმად, 41.7%-ით კვლავ გაიმარჯვეს ქალაქის არჩევნებში. პარტია ვენას ათწლეულებია მართავს.

მეორე ადგილზე ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი კონსერვატიული “ავსტრიის სახალხო პარტია” გავიდა, რომელმაც თავისი წინა შედეგი გააორმაგა და ხმათა 19% მიიღო. შემდეგ პოზიციაზე არიან “მწვანეები”, რომელთაც ასევე გააუმჯობესეს წინა არჩევნებზე მიღებული შედეგები. ისინი სამთავრობო კოალიციაში არიან კონსერვატორებთან ერთად მას შემდეგ, რაც წინა მთავრობა ზემოხსენებული კორუფციული სკანდალის გამო დაიშალა.

მეხუთე პოზიციაზე ლიბერალური პარტია “NEOS” გავიდა. France Press-ის ცნობით, გამარჯვებულ “სოციალ-დემოკრატებმა” ახლა უნდა გადაწყვიტონ, ვისთან შეკრავენ კოალიციას ქალაქის სამართავად. კანდიდატებს შორის განიხილებიან მწვანეები, კონსერვატორები და ლიბერალური “NEOS”.

მასალების გადაბეჭდვის წესი