ახალი ამბები

სკანდალური ვიდეოს შემდეგ, ავსტრიის ვიცე-კანცლერი გადადგა

18 მაისი, 2019 • 2304
სკანდალური ვიდეოს შემდეგ, ავსტრიის ვიცე-კანცლერი გადადგა

ავსტრიის ვიცე-კანცლერი  ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა. ეს დღეს, 18 მაისს, მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა სკანდალური ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობდა ის “რუს ინვესტორს” სახელმწიფო კონტრაქტებს, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა. კადრების გამავრცელებელია ორი გერმანული გამოცემა – “შპიგელი” და “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” – რომელთა თანახმადაც, ვიდეო ავსტრიის არჩევნებამდეა ჩაწერილი.

საერთაშორისო მედიის თანახმად, კადრების გავრცელების შემდეგ, 17 მაისის საღამოს, ავსტრიის კოალიციური მთავრობის საკვანძო წევრებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს. დღეს, 18 მაისს კი, ავსტრიის კანცლერისა და  კონსერვატიული “ხალხის პარტიის” ლიდერის, სებასტიან კურცის ბრიფინგია ჩანიშნული, რომელზეც ის, სავარაუდოდ, კადრებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. სამთავრობო წყარომ შტრახეს გადაგომამდე “როიტერსს” უთხრა, რომ კურცი უკვე გამორიცხავდა თანამშრომლობის გაგრძელებას მასთან.

რა ჩანს ვიდეოში?

გერმანული მედიის ცნობით, ვიდეო 2017 წლის ივლისშია ჩაწერილი – რამდენიმე თვით ადრე ავსტრიის არჩევნებამდე, რომლითაც შტრახეს ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტია” კოალიციურ მთავრობაში მოხვდა. ვიდეოში ავსტრიის უკვე ყოფილი ვიცე-კანცლერი შტრახე, მისი თანაპარტიელი და ერთი ქალი ჩანან, რომელიც თავს რუს ინვესტორად და ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის ნათესავად წარადგენს.

გამოცემების თანახმად, კადრები, რომლის მოქმედი პირებიც სავარძლებზე არიან წამოწოლილნი, სვამენ და ეწევიან, ესპანეთის კურორტ იბიცაზე, იზოლირებულ ოთახშია გადაღებული.

კადრებში ისმის, როგორ ჰპირდება შტრახე ქალს ერთ-ერთი ავსტრიული სამშენებლო კომპანიის კონტრაქტებს, თუ ის არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.

კადრი ვიდეოდან.

კადრი ვიდეოდან.

თავის მხრივ, ქალი მას ავსტრიის უმსხვილესი გაზეთის, “Kronen-Zeitung”-ის აქციების 50%-ის შეძენასა და მისი სარედაქციო პოლიტიკის “თავისუფლების პარტიისკენ” მიმართვას ჰპირდება.

დაპირებებს არც შტრახე წყვეტს და ქალს სახელმწიფო კონტრაქტებს სთავაზობს; აქვე ამბობს, რომ სურს, “ააშენოს ისეთი მედია სივრცე, როგორიც [უნგრეთის პრემიერ] ორბანს აქვს”.

“თუ თქვენ დაეუფლებით Kronen Zeitung-ს არჩევნებამდე სამი კვირით ადრე და ჩვენ პირველ ადგილზე გავალთ, ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერზე” – ციტირებს BBC ჰაინც-კრისტიან შტრახეს საუბარს ვიდეოდან.

ჰაინც-კრისტიან შტრახე კადრებში ასევე აღნიშნავს, რომ მის პარტიას მდიდარმა დონორებმა ფული გადაუხადეს, რათა მათი შეწირულობები დაფარული იყოს.

უცნობია, ვინ გადაიღო ვიდეო. მედიაგამოცემები, რომელთაც კადრები გაავრცელეს, აღნიშნულზე არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი