ახალი ამბები

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ” – ბექა ოდიშარია ვახუშტი მენაბდეს

11 ოქტომბერი, 2020 • 2945
“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ” – ბექა ოდიშარია ვახუშტი მენაბდეს

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის” – ასე მიმართა პარლამენტარმა, ამჟამად “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კრწანისის საარჩევნო ოლქში, ბექა ოდიშარიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორს ვახუშტი მენაბდეს ფეისბუქზე.

ვახუშტი მენაბდემ Facebook-ზე თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე გაჩერებული მანქანის ფოტოები გამოაქვეყნა. მანქანის მფლობელი პარლამენტის საშვით სარგებლობდა, რის გამოც მენაბდემ დაწერა, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი.

“ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი. ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ,”- წერს ვახუშტი მენაბდე.

პოსტის ქვეშ ბექა ოდიშარიამ მენაბდეს საკუთარი ტელეფონის ნომრის მიცემა შესთავაზა, თან დაინტერესდა, მიწერდა თუ არა მენაბდე: “ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის,”- დაწერა ოდიშარიამ.

ამ კომენტარს მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შემდეგ ოდიშარიამ “ბოდიში” მოიხადა და თქვა, რომ მის მანქანას ვინც მართავს, “გამოსწორდება”.

„ნეტგაზეთი“ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა დეპუტატს ტელეფონი გამორთული აქვს. ჩვენ ასევე დავუკავშირდით პარტიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ოდიშარიას ვერც ისინი უკავშირდებოდნენ. ბექა ოდიშარიას ასევე გავუგზავნეთ ტექსტური შეტყობინებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი