10 ოქტომბერს, — მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა, დაზავებაზე შეთანხმების მიუხედავად, ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში, — თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
„აზერბაიჯანულმა არმიამ გმირულად იმოქმედა და ტრიუმფს მიაღწია ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. სომხეთმა ახლა უნდა დაუთმის ოკუპირებული ტერიტორიები მის კანონიერ მესაკუთრეს. სანამ ეს ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი აზერბაიჯანელი თურქი ძმებისა და დების მხარდაჭერას“, – წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
დაახლოებით 14:20 საათზე კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რომელიც მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას, ტვიტერზე დაწერა:
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმატება და ჩვენი სამართლიანი პოზიციის საერთაშორისო მხარდაჭერა აჩენს ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს აზერბაიჯანის დიპლომატიურ ძალისხმევას“.
რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვში თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ.
ამასთან, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პირობების დამატებით შეთანხმებაზე მორიგდნენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დამატებით მოლაპარაკებებზე გამოხატეს მზაობა.
თუმცა, 12:00 საათი უკვე შესრულდა, რის შემდეგაც მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმს.
ვრცლად: