გელა ბეჟუაშვილი, რომელიც 2005-2008 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, შემდეგ კი, 2014 წლამდე, დაზვრევის სამსახურს ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერას უცხადებს.
ბეჟუაშვილი წერს, რომ რატომღაც სჯეროდა მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და სამართლიანობის და გული დასწყდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.
“რადგან ასე ხაზგასმით ითქვა: „ამ თემით პოლიტიკური სპეკულაცია არ უნდა იყოსო,“ იყოს ასე! მე პირადად ვითვალისწინებ ჩემი ქვეყნის ინტერესს და იმას, რომ საკითხი მეზობელ სახელმწიფოს და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ეხება. მაგრამ, მეგობრებო, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქის, პოზიცია და მორალური მხარდაჭერა, თანადგომა არ გამოვუცხადო ბ-ნ ივერი მელაშვილს და ქ-ნ ნატალია ილიჩოვას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დადგენის პროცესში და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ. ამ ადამიანების პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მაქვს საფუძველი, მათდამი ეს დამოკიდებულება შევიცვალო”, – წერს ბეჟუაშვილი.
ის იმედოვნებს, რომ თავის პოზიციას გამოხატავს ყველა ის პირი, ვინც საერთაშორისო უერთიერთობების და უსაფრთხოების სფეროში მუშაობდა 90-იანი წლებიდან დღემდე და შეხება ჰქონდა საზღვრების დადგენის უმნიშვნელოვანეს პროცესთან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
https://netgazeti.ge/news/486232/