საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “ვენეციის კომისიას” საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით,არსებითი შენიშვნები არ ჰქონია.
თალაკვაძის თქმით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში შედის:
“ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება. არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს – არ მოგვისმენია. მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა.
ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვით ადრე წყვეტს პლენარულ სხდომებს”, – ამბობს პარლმენტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებში და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვას და დავების გადაწყვეტას, “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა უფლება, საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაედო და ამით პროცესი თვეებით, კიდევ ერთი წლით გაეჭიანურებინათ.
თუმცა დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით “ვენეციის კომისიამ” გაასაჯაროა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა ყურადღება გამახვილებული.
მათ შორის, კომისია მიიჩნევს, რომ მიუხედავდ დადებითი ცვლილებებისა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას შეფასებისა და დასაბუთების წესების გნასაზღვრას ეხება, რაც პროცესის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს, ის არაეფექტური იქნება, თუ დასაბუთებისა და კენჭისყრის შედეგები საბჭოს იმ წევრების იდენტიფიცირების გარეშე გასაჯაროვდება, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღეს.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, კომისია აღნიშნავს, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოტანა ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ხელს შეუშლის იმგვარი მოვლენების გამოვლენას, როგორიცაა, საბჭოს წევრის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღება შერჩევის პროცესში, კანდიდატის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გამოვლენა, უფლებამოსილების გადამეტება და სხვა.
ამასთან, კომისიის წერილში აღნიშნულია, რომ საჭიროა, კანდიდატებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივრებენ, ხელახლა გასაჩივრების შესაძლებლობაც ჰქონდეთ.
კერძოდ, კომისია აღნიშნავს, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დაბრუნების საკითხს საბჭოში, ის ხელახლა განიხილავს საკითხს კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ და მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, წარადგინოს კანდიდატი თუ არა. იუსტიციის უზენაესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილება კანდიდატისთვის უარის თქმის თაობაზე უზენაეს სასამართლოში ვეღარ გასაჩივრდება:
“ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, გაიმეოროს იგივე გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალაატამ დაბლოკა, რამდენადაც მეორედ გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ არის.
კომისია აღნიშნავს, რომ საბჭო იქნება უფლებამოსილი, შეინარჩუნოს საკუთარი პირვანდელი გდაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანდიდატის მიმართ მიკერძოება ან დისკრიმინაცია გამოავლინა, საბჭოს წევრებმა გადააჭარბეს უფლებამოსილებას, ან შეფასება ცრუ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მეორე გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც შეიქმნას”, – ნათქვამია დასკვნაში.
ვრცლად წაიკითხეთ:
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს