ახალი ამბები

რატომ არ უშვებენ მუხთარლის საქართველოში – „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტება

9 ოქტომბერი, 2020 • 1834
რატომ არ უშვებენ მუხთარლის საქართველოში – „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტება

აფხან მუხთარლის, რომელიც დღეს საქართველოს პროკურატურაში ჩვენების მიცემას აპირებდა, აცხადებს, საქართველოში არ უშვებენ.

მუხთარლი ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც ცხოვრობს და მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. ის ამბობს, რომ აეროპორტში გააჩერეს და ბორტზე აღარ აუშვეს. თუმცა მანამდე მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. ცნობისთვის, გერმანიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ, თუ ისინი ბოლო 72 საათში ჩატარებულ პისიარ ტესტის პასუხს წარადგენენ, ან ტესტს აეროპორტშივე ჩაიტარებენ და პასუხს 8 საათის განმავლობაში დაელოდებიან.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მუხთარლის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ რაკი მუხთარლი აზებრაიჯანის მოქალაქეა, აზერბაიჯანი კი კორონავირუსის „მწვანე ზონის ქვეყნების“ სიაში არ შედის, ავიაკომპანიამ მომსახურება ვერ გაუწია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას“, – წერს ავიაკოამპანია.

მუხთარლიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რათა პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა. თუმცა თბილისში გამოფრენაზე უარი აეროპორტშივე უთხრეს.  თავად მუხთარლი ამაში პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს და ფეისბუკზე წერს:

Ivanashvili Government is coward. They are scared of my visit, because it will expose their crimes.

They cannot hide what they have done and they will answer for every crime they have committed

Posted by Afqan Muxtarli on Friday, 9 October 2020

„ივანიშვილის ხელისუფლება მშიშარაა. ისინი უფრთხიან ჩემს ვიზიტს, ვინაიდან ეს მათ დანაშაულებს გამოაშკარავებს. ისინი ვერ დაიმალებიან იმისგან, რაც ჩაიდინეს და პასუხს აგებენ ყველა დანაშაულისთვის“, – წერს მუხთარლი.

ნეტგაზეთმა პროკურატურასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, თუ რატომ არ შემოუშვეს მუხთარლი საქართველოში. პროკურატურის წერილობით პასუხში უწყება მხოლოდ მუხთარლის დაკითხვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის გერმანიაში 24 ივლისს უკვე გამოიკითხა.

„საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ამბობს პროკურატურა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


მუხთარლი –  პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისში გამოფრენაზე აეროპორტში უარს ეუბნებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი