ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისში გამოფრენაზე აეროპორტში უარს ეუბნებიან

9 ოქტომბერი, 2020 • 2169
მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისში გამოფრენაზე აეროპორტში უარს ეუბნებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საკუთარი სურვილით საქართველოს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად გერმანიიდან თბილისში დღეს უნდა გამოფრენილიყო, აცხადებს, რომ “საქართველოს ავიახაზები” საქართველოს საკონსულოსთან კომუნიკაციის შემდეგ ბორტზე არ უშვებს.

“წესით, ბერლინის დროით 12:20 საათზე უნდა გამოვფრინდე. აეროპორტში “საქართველოს ავიახაზების” წარმომადგენელმა დახედა ჩემს დოკუმენტს, მერე ვიღაცას დაუკავშირდა საქართველოს საკონსულოში და მოგვიანებით მითხრა, დოკუმენტს ვადა აქვს გასულიო. როცა ვაჩვენე, რომ მსგავსი პრობლემა არ მაქვს, მერე მითხრა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს უფლება არ აქვს, გერმანიის ბინადრობის მოწმობით საქართველოში გაემგზავროს. თუმცა, იქამდე მე მქონდა კომუნიკაცია თქვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მითხრეს, რომ ამ დოკუმენტით ჩვეულებრივად ჩამოვიდოდი. გარკვეული განხილვების შემდეგ კი მითხრეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცვლილებებია და ვერ გავფრინდები. ვფიქრობ, უბრალოდ, არ უნდათ, რომ თბილისში ჩამოვიდე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში აფგან მუხთარლი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფება.

მუხთარლი –  პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი