ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო იზიარებს შეშფოთებას ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის გაუქმებაზე

8 ოქტომბერი, 2020 •
აშშ-ის საელჩო იზიარებს შეშფოთებას ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის გაუქმებაზე

აშშ-ის საელჩო თბილისში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც მათი თქმით, “ერთი მონაწილის” არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

საელჩოს განცხადებით, ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე, როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც “იმავე მონაწილის” მიერ გაუქმდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჩაიშალა.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში, მათ შორის იმ საჭიროებებზე, “რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო არათანაზომიერად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას გააჩნია”.

“მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, ვინც COVID-19 პანდემიის პირობებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის საქმიანობს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო გმობს რუსეთის მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოუწოდებს მათი მყისიერი გათავისუფლებისაკენ.

“მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას.
შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, — აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჩაიშალა. საგარეო უწყება მოლაპარაკებების ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ქართული მხარის ბრალდებები, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა, “უსაფუძვლო და პოლიტიზებულია”. მან ჟენევის მოლაპარაკებების გადადების მიზეზად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზით “თავის შეკავების” გადაწყვეტილება არა მარტო რუსეთმა, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმაც მიიღეს.

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა — საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი