ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა — საგარეო

7 ოქტომბერი, 2020 • 955
ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა — საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჩაიშალა. საგარეო უწყება მოლაპარაკებების ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

“ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს.

მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით”, — ნათქვამიას სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

სამინისტრო ასევე მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი