Interviewsახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლაზე საქართველოს ბრალდებები უსაფუძვლო და პოლიტიზებულია — ზახაროვა

7 ოქტომბერი, 2020 • 1108
ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლაზე საქართველოს ბრალდებები უსაფუძვლო და პოლიტიზებულია — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ქართული მხარის ბრალდებები, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა, “უსაფუძვლო და პოლიტიზებულია”. ზახაროვას კომენტარს რუსული სამთავრობო მედია Tass ავრცელებს.

მან ჟენევის მოლაპარაკებების გადადების მიზეზად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზით “თავის შეკავების” გადაწყვეტილება არა მარტო რუსეთმა, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმაც მიიღეს.

“გაოცებული ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდის გადადებასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს რუსეთის  წარმომადგენელთა მიერ ჩაიშალა. ჩვენ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და პოლიტიზებულად მივიჩნევთ”, — განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსულმა მხარემ გადადებული რაუნდის ალტერნატივად ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებაც შესთავაზა, რაც თანათავმჯდომარეებისთვის შეუსაბამო იყო.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსული მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დიალოგის გაგრძელების ერთგულია და 6 ნოემბერს თანათავმჯდომარეების მოსკოვში ვიზიტს ელოდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჩაიშალა. საგარეო უწყება მოლაპარაკებების ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი რუსეთმა ჩაშალა — საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი