ნეტგაზეთი | ზალკალიანი აზერბაიჯანში ნავთობსადენზე მომხდარ შესაძლო თავდასხმას ეხმიანება ზალკალიანი აზერბაიჯანში ნავთობსადენზე მომხდარ შესაძლო თავდასხმას ეხმიანება – Netgazeti
RU | GE  

ზალკალიანი აზერბაიჯანში ნავთობსადენზე მომხდარ შესაძლო თავდასხმას ეხმიანება

საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, დღეს, 8 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ მილსადენზე განხორციელებულ შესაძლო თავდასხმის შესახებაც. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ობიექტების უსაფრთხოება საქართველოს უმთავრესი ინტერესია.

“რა თქმა უნდა, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გადის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროა. მუდმივად ხდება მონიტორინგი ამ მიმართულებით. ეს სტრატეგიული ობიექტები არის რეგიონის უსაფრთხოების გარანტი”, – აცხადებს ზალკალიანი.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ ობიექტებზე არ მოხდეს სამხედრო თავდასხმა.

“ჩვენ ვიხილეთ ორივე მხარის გამოხმაურება და მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ ობიექტებზე რაიმე სახის სამხედრო ზემოქმედობა, რადგან ეს არის რეგიონისთვის და მის მიღმა უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტები”.

6 ოქტომბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი twitter-ის გვერდის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხურმა ძალებმა იერიში მიიტანეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობის მილსადენზე იევლახის რეგიონის ტერიტორიაზე.

საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ბრალდებები, თითქოს სომხურმა ძალებმა სცადეს შეტევა მიეტანათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, არის სიცრუე. მისი განცხადებით, სომხეთი არ ცდილობს გაზისა და ნავთბის ინფრასტრუქტურის განადგურებას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com