ახალი ამბებიკომენტარი

ინტერვიუ ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტ დავით გზირიშვილთან

9 ოქტომბერი, 2020 • 3091
ინტერვიუ ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტ დავით გზირიშვილთან

გთავაზობთ ინტერვიუს ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტ დავით გზირიშვილთან.


– მიმდინარე წლის აპრილში, ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნეთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სამსახური იყო ის პირველი რგოლი, რომელიც ეფექტურად დახვდა ვირუსს, თუმცა შემდეგ ფაზაში “ბრძოლის თეატრი ეპიდემიოლოგიურიდან კლინიკურ ნაწილში” გადავიდოდა. ახლა ეს ეტაპიც დადგა. რა მდგომარეობა გვაქვს კლინიკურ ნაწილში? თქვენი შეფასებით, ის დრო, რომელიც მოვიგეთ, ვიდრე 500-ზე მეტ დღიურ შემთხვევაზე ავიდოდით, რამდენად ეფექტურად იქნა გამოყენებული ჯანდაცვის სექტორის მოსამზადებლად?

– სამწუხაროდ, ვერ შევაფასებ, რამდენად ნაყოფიერად გამოიყენა ქვეყანამ ეს დრო, ვინაიდან გარდა უბრალოდ სიტყვიერი განცხადებებისა, რომ სისტემა მზად არის, მე სხვა რიცხვები არ მომისმენია. ერთი პერიოდი იყო საუბარი ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობაზე და დასრულდა. მაგრამ მზადყოფნის შეფასების არც კრიტერიუმები იყო შეთანხმებული. ანუ რითი ვადგენ მზადყოფნას? – საწოლი ფიზიკურად დევს თუ ამდენი, ამ კვალიფიკაციის ექიმი და ექთანი არის მომზადებული და შეუძლია 24 საათი, 2-3 დღეში ერთხელ იმორიგეოს?! თუ დააკვირდებით ირიბად, თავდაპირველად განცხადებები იყო, რომ რესურსი არის, სისტემა უმკლავდება, თუმცა ბოლო დღეებია, შიშნარევი რიტორიკა შეიმჩნევა. ახლა 48 მილიონი ლარის ოდენობის საწოლფონდის შესყიდვას აპირებს სახელმწიფო, ვინაიდან არ ჰყოფნით საწოლები. როგორც ჩანს, არ ყოფილა სისტემა მზად. ამასთან, ერთია პრაქტიკული მზადყოფნა – რა სიმძლავრეები გაქვს, რამდენი პალატა და ა.შ. – და მეორეა უნარი, რაც კიდევ უფრო რთული შესაფასებელია. უნარის შედეგებით გაზომვა დღეს ძალიან ადრეა, იმიტომ, რომ ეპიდემიის რეალური გავრცელება და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ახლა იწყება. დღევანდელი შედეგით იმის  განსაზღვრა, რომ ძალიან კარგად მომზადებული ვყოფილვართ, არასწორია. ეს თავის მოტყუება და საზოგადოების მოტყუება იქნებოდა.

– რა შედეგზე უნდა გამოჩნდეს, როგორ უძლებს სისტემა დატვირთვას?

– ეს რიცხვები უნდა იდოს სადღაც გეგმაში. ჩვენთან ყველა საუბრობს აბსოლუტურ რიცხვებში, რაც ჩემთვის არის აღმაშფოთებელი დილეტანტიზმი ან თაღლითობა. 100 ათას ადამიანზე ახალი შემთხვევების რაოდენობას თუ ავიღებთ, არ ვართ წყალწაღებულების სიაში. აბსოლუტურად ბუნებრივი მატებით, თუ ახლა დღიურ 500 შემთხვევაზე ვსაუბრობთ, დაახლოებით 2-3 კვირაში ეს რიცხვი შეიძლება, 1000-ზე ავიდეს ან მეტიც იყოს. ამ ათასისთვის მზად ვართ თუ არა? სავარაუდოდ – არა, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ ვამბობთ ან არ ვამბობთ იმიტომ, რომ აბსოლუტურად არასწორი, უპასუხისმგებლო მოლოდინები იყო შექმნილი. არ მოვიქეცით ფრთხილად ივნის-აგვისტოში და მივიღეთ შედეგი სექტემბერში. დღესაც არავის აქვს პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რაც დღეს ხდება. არასწორი განწყობების შექმნა, პირველ რიგში, არის მმართველების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არ ააწყვეს სწორად საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ორიოდე დღის წინ პრემიერი ამბობს, რომ ცოტა უნდა მოვითმინოთ და გავიკეთოთ ნიღაბი. ერთი დღის მერე გამოდის ამირან გამყრელიძე და ამბობს, რომ მინიმუმ მომავალი წლის ბოლომდე ნიღაბს ვერ მოვიხსნით. როცა გინდა, საზოგადოებაში მიაღწიო გაგებას და მერე მყარ ქცევას, ამ შემთხვევაში იმას, რომ საზოგადოებამ ცხვირი ჩაყოს ნიღაბში, არ შეიძლება 24 საათის ინტერვალით ორი ურთიერგამომრიცხავი რამ უთხრა.

არათანმიმდევრული განცხადებების გარდა, მართვის უდუდესი დანაშაულია, როდესაც აქვს ბერკეტი და არ იყენებს. მმართველისგან მოვითხოვ, რომ რაღაცები შეიცვალოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შეცვლას სჭირდება ან შეგონება ან თუ ეს არ არის საკმარისი, ატკინო სასჯელით. ეს შეიძლება იყოს შენიშვნა, ჯარიმა, ადმინისტრაციული პატიმრობა. არავის აუხსნია, რომ ნიღაბის ტარება კი არ არის მარტო, ცხვირიც უნდა ჩაყო ნიღაბში და რა მოჰყვება, თუ ამას არ გააკეთებ. შეიძლება ამირან გამყრელიძე რასაც ამბობს, სწორი და მისაღებია, მაგრამ ფორმა არ იყოს გასაგები მთელი საზოგადოებისთვს და ამას სჭირდება სხვანაირად შეფუთვა და მიწოდება. არ ყოფილა გამართული კომუნიკაცია საზოგადოებასთან და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ისევ პოლარიზებული საზოგადოება, სადაც ერთნი ყვირიან: რა ვირუსი, შიმშილით ვკვდებით და არ გაბედოთ შეზღუდვები, მეორენი ისტერიულად ითხოვენ დამატებით შეზღუდვებს. შუაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ამბობენ – მოდი, რაც წესია, ჯერ ის შევასრულოთ სათანადოდ, – ამინდს ვერ ქმნიან და მათი ხმა არ ისმის. ეს პოლარიზაცია იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ არ იმუშავა საზოგადოებასთან და გადაჰყვა ხანმოკლე ემოციებს, შთაბეჭდილებების მოხდენას. საერთოდ, მთავრობა და ბევრი პროფესიონალიც ძირითადად  გადასულია შთაბეჭდილებების მოხდენაზე – ის უფრო ადარდებს, ახლა რომ რამეს იტყვის, რას იფიქრებს ხალხი, ვიდრე მათი პროფესიოული მოვალეობის შესრულებაა. ეპიდემიოლოგის პროფესიული მოვალეობაა, გამართული პროგნოზი გააკეთოს და ხელისუფალის პასუხისმგებლობაა, გააგებინოს ადამიანებს, რას, როგორ და როდის აპირებს.

– რას იფიქრებს ხალხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ამიტომაც ხომ არ შეიკავებს თავს ხელისუფლება მკვეთრი ზომების მიღებისგან? ან ფიქრობთ კი, რომ საჭიროა დამატებითი რეგულაციები, თუ არსებული წესების დაცვის კონტროლი არის გასაძლიერებელი? 

– მე მახსენდება პრეცედენტები, როცა ავტოსაგზაო ჯარიმების გამოწერაც მცირდებოდა ხოლმე არჩევნებამდე, რომ არ გაეღიზიანებინათ ამომრჩეველი. რა აზრი აქვს აკრძალვის ნიშნის დაკიდებას, თუ ის ბუტაფორია? ჩვენი კულტურაა, რომ წესს პატივს არ ვცემთ. უპატივცემლობის დოზა მატულობს თუ არა არჩევნების წინ, ვერ გეტყვით. ნიღბის ტარება არის ყველაზე შედეგიანი ზომა, რომ დღიურ 1000 შემთხვევას არ ავცდეთ. ნიღბის სწორად ტარება უნდა მოეთხოვოს ყველას. ცხვირამოყოფილი სიარულს ნუ გადავაყოლებთ ჩვენს ჯანმრთელობას. ასევე, ყველანაირი ნაჭრისგან შეკერილი ნიღაბი არ არის ნიღაბი. ვფიქრობ, ჩვენი თავი დავაჯერეთ, რომ ყველაზე წარმატებულები, გამარჯვებულები ვართ და აბსოლუტურად ფეხებზე დავიკიდეთ სიფრთხილე. ამ ეტაპზე მინიმუმ ტრანსპორტში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული ნიღბის ტარების წესები, ნიღბები უნდა იყოს სამშრიანი და არა – რაც ნიღაბს ჰგავს. ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები მჭიდროდ დგანან, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებაზე, ვფიქრობ, პირბადე გარეთაც უნდა იყოს სავალდებულო. ზომები უნდა იყოს თანმიმდევრული, მკაფიო და ყველას გაუჩნდეს შეგრძნება, რომ სახუმარო არაფერია. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. პოლიტოლოგებმა და სოციოლოგებმა შეაფასონ, შეიძლება, მთავრობას არჩევნების წინ არ უნდოდეს ისეთი მოთხოვნების შემოღება, რომელიც მთავრობის მიერ ეპიდსიტუაციის წარმატებულად მართვას ეჭვქვეშ დააყენებდა, გამარჯვების და წარმატების ასოციაციას დაარღვევდა.

– არასწორ მოლოდინები ახსენეთ. ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, შემოდგომაზე იქნებოდა ვაქცინა. ახლა უფრო ხშირად გვსმის, რომ მეტხანს მოგვწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება. თქვენი პროგნოზით, რამდენ ხანს და როგორ უნდა ვითანაცხოვროთ ამ ვირუსთან?

– ვაქცინა მასობრივი აცრისთვის საქართველოში 2022 წლამდე არ  იქნება. რაღაც რაოდენობა შეიძლება მანამდე შემოვიდეს, უკეთეს შემთხვევაში,  მომავალი წლის ბოლოს. მაგრამ თუ ჩვენ ეპიდემიის მოსპობას ვუკავშირებთ კოლექტიურ იმუნიტეტს და ეს იმუნიტეტი გვინდა ვაქცინით, უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ 2022 წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ყველა იმ ზომის დაცვა, რაც სჭირდება, რომ ინფექცია ვრცელდებოდეს, მაგრამ არ გადაგვიაროს დიდი ტალღის სახით. შეიძლება, მე ბევრი არ მესმის ვირუსის გავრცელების თავისებურებებზე, მაგრამ ვაქცინა, შექმნის დღიდან, როგორ მივიდეს ადამიანთან, მეტ-ნაკლებად მესმის. ჩვენთან წლის განმავლობაში 40-50 ათასი ახალშობილი იცრება, აცრის რამდენიმე სესია სჭირდებათ და ამის ლოჯისტიკა საკმაოდ რთულია, ვაქცინები მაცივარში ინახება… საუბარია კორონავირუსის ორდოზიან ვაქცინაზე, ორჯერ უნდა აიცრას ადამიანი. ხვალ რომ გვაჩუქონ 6 მილიონი ვაქცინა, ვინმეს წარმოუდგენია, ფიზიკურად რა მეურნეობა სჭირდება? როგორ შემოდის, სად საწყობდება, რა დრო და რესურსი სჭირდება, რომ დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ორჯერ აცრა? ეს სერიოზულად არავის აქვს გააზრებული და ყველას ჰგონია, რომ ვაქცინას რომ გამოიგონებენ მეცნიერები და ფიზიკურად ხელმისაწვდომი იქნება ბაზარზე, ჩვენც მასობრივად ავრცით ხალხს. ძალიან ბევრი მომზადება სჭირდება და მე ვერ ვხედავ, რომ ოდნავადაც ვინმე ვაქცინაციისთვის ემზადება. ყველაზე საუკეთესო პროგნოზით, საქართველოში 50 წელს გადაშორებული ადამიანები რომ ავცრათ 2022 წლის ბოლომდე, იქნება კარგი შედეგი. მეორე საკითხია, რამდენი აიცრება. არ ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოებაში არის ნდობა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით. მაგალითად, 60% თუ აიცრა და 40% არა, ეს ვირუსი მაინც იბოდიალებს ამ 40%-ში, რაც საკმაოდ დიდი კოჰორტაა.  ასე რომ, სჯობს მოლოდინი იყოს უფრო პესიმისტური და არა ადამიანების გულის მოგებაზე გათვლილი – უკეთესი სცენარით 2022 წლამდე მოგვიწევს [ვირუსთან თანაცხოვრება], თუ რაღაც საოცრება არ მოხდა და არ გაჩნდა სხვა ტიპის სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, კლინიკური გამოსავალი შეცვალოს და ჯანდაცვის სექტორის დატვირთვა შემცირდეს, თუმცა ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან, რომ მინიმუმ 18 თვე რაციონალური ზომები უნდა დავიცვათ.

– 2 400 საწოლი, ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი და დაახლოებით 2 000-მდე სუნთქვის აპარატი – ასეთია ამ დროისთვის საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მზაობა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღისთვის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველაზე კრიტიკული ადამიანური რესურსია. თქვენ რას გეუბნებათ ეს რიცხვები? მოსალოდნელია თუ არა,  ინციდენტობის მაჩვენებლის ისეთი ზრდა, რომ ეს რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდეს? 

– ჯაჭვში თუ ერთი რგოლი სუსტია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერია დანარჩენი რგოლები, მაინც გაწყდება. ამ ჩამონათვალში ყველაზე სუსტი რგოლი არის პროფესიონალები. აქ საუბარი არ არის წამყვან კლინიცისტებზე. კორონავირუსის მკურნალობის კლინიკური მეთოდები ისედაც ქვეყნდება და არ არის აუცილებელი, ჩვენ ვიგონებდეთ რაღაცას, არამედ მორიგე ექიმებზე, ექთნებზე, მათ რაოდენობაზე, უნარებზე. ეს რიცხვები არ მინახავს და მეშინია, რომ ყველაზე სუსტი წერტილი აქ არის. მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენად მზად არის სისტემა, გაუმკლავდეს კოვიდის გაზრიდილ შემთხვევებს, მაგრამ მე სხვა შიში  მაქვს, რომ ინფექციის გავრცელების და მოუმზადებლობის გამო ჩვენ დავკარგავთ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევენ ადამიანებს და ამცირებენ სხვა დაავადებების გამო გართლებების და გარდაცვალების რიცხვს. ზიანი შეიძლება მივიღოთ არა პირდაპირ კოვიდ ინფექციისგან, არამედ იმისგან, რომ ვერ გადავარჩინოთ იმდენი ადამიანი, რამდენიც აქამდე შეგვეძლო, იმის გამო, რომ სამკურნალო დაწესებულება დახურულია, ან პერსონალი არ არის, იმის გამო, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. მთელი აქცენტი მიმართულია ცხელების ცენტრებზე, მაგრამ დანარჩენ საავადმყოფოებში რა ხდება? სამწუხაროდ, განათლების და შეგნების დაბალი დონე სამედიცინო დაწესებულებებში მაღალია და საფრთხე, რომ ვირუსმა “იბუთქოს” ერთ საავადმყოფოში და ერთს მეორე მიჰყვეს, დიდია. რამდენად აქცევს ამას ყურადღებას ქვეყანა, რამდენად ნაყოფიერი პარტნიორობა და შეთანხმებაა კერძო კლინიკებთან, არ ვიცით. მთელი ყურადღება ცხელების ცენტრებზეა და კერძო სექტორის წინაპირობები რამდენად შესრულებულია, არ ვიცით. იქ შეიძლება, ყველაზე დიდი დარტყმა იყოს, იმიტომ, რომ ინფარქტით ვერ მივიყვანოთ ადამიანი კლინიკაში, რომელიც 7 წუთის სავალზე იყო, რადგან დაიხურა ვირუსის გავრცელების გამო, და დაგვჭრდეს ნახევარი საათის სავალზე წასვლა, რაც შეიძლება დაგვიანებული იყოს. ასეთი დანაკარგები თავიდან არ იქნება პირდაპირ დაკავშირებული კოვიდთან, მაგრამ მერე მიხვდება საზოგადოება, რომ ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს არა პირდაპირ კოვიდისგან, მაგრამ იმის გამო, რომ სისტემამ სხვა ნაკადები ვერ მართა. ეს უფრო მადარდებს, ვიდრე კოვიდი.

– კორონავირუსის მართვის პროტოკოლს როგორ აფასებთ, ბოლო პერიოდში შეიცვალა გარკვეული გაიდლაინები – კოვიდინფიცირებულთან უსიმპტომო კონტაქტებს აღარ გატესტავენ, ისე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ასევე, კოვიდ სასტუმროებსა და ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა რამდენად ეფექტიანად მიგაჩნიათ?

– თუ ამას იყენებ გონივრულად და გაქვს კარგი მეთვალყურეობის ინფორმაციული სისტემა, რაც, სამწუხაროდ, მე მგონი, ჩვენ არ გვაქვს, ეს გამართლებულია. ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი, რადგან რაც აქამდე ხდებოდა, რომ ყველა საავადმყოფოში იწვა, არარაციონალურაია და შეუძლებელია, ამას რომელიმე ქვეყნის სისტემამ გაუძლოს. ეს სწორია. ამ მეთოდში, რაც თქვენ აღწერეთ, საკვანძოა დისტანციურად მართვა და ოჯახის ექიმების დონეზე მართვა. მე მაქვს ბევრი მიზეზი ვიყო სკეპტიკური ოჯახის ექიმების უნარის მიმართ, რომ არ გააჩნიათ მართვის უნარები, იმიტომ, რომ უმრავლესობას არასდროს უმართავს პაციენტი და სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ორკვირიანი ტრენინგით შეიძენდნენ ამ უნარებს. რამდენად სწორად ვმართავთ პროცესს, ამის გამოცდა იქნება, როდესაც ჩვეულებრივი სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევები გაიზრდება. მაშინ გამოჩნდება, რამდენად ეფექტურად იმუშავებს სისტემა, რამდენად შეძლებენ ოჯახის ექიმები პაციენტების დისტანციურად მართვას. სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მატებასთან ერთად გაათმაგდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები, ადამიანების მოძრაობა სიცხით და იქ გარჩევა, რომელს აქვს კოვიდი და რომელს – გრიპი, გართულდება.

– გრიპის მასობრივი ვაქცინაცია რამდენად იქნებოდა გამოსავალი ამ შემთხვევაში?

– რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შეამცირებდა ამ დატვირთვას. ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, როდესაც აქამდე მთავრობა საუბრობდა მხოლოდ 130 ათას ვაქცინაზე, რომელსაც მაღალი რისკის ჯგუფებს ჩაუტარებენ. შემდეგ გამოაცხადეს, რომ დამატებით შეისყიდიან ვაქცინებს, მაგრამ ვაქცინაცია ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, რომ იმუნიტეტის გამომუშავება მოასწროს. ამ მხრივ, გრიპის სეზონს მომზადებული არ ვხდებით. ჩემი ვარაუდით გაცილებით მეტი ვაქცინა უნდა ყოფილიყო შემოტანილი – ხელმისაწვდომი როგორც ფასით, ასევე, უფასოდ – მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ვაქცინების მსოფლიო ბაზარი ძალიან პარადოქსულია. როდესაც მკვეთრად მატულობს მოთხოვნა გრიპის ვაქიცნაზე, ჩვეულებრივი გზებით კერძო სექტორის მიერ ვაქცინების მოპოვების არხები იკეტება. მისაღებ ფასებში ვგულისხმობ, თორემ 60 დოლარად რომც შემოეტანა კერძო სექტორს ვაქცინები, არავინ აიცრებოდა.  წყაროებზე, სადაც არის ადამიანური ფასები, კერძო სექტორს წვდომა არ აქვს, ამიტომ ამ შემთხვევაში საჭირო იყო მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა.

მმართველობითი კრიზისია და არა ეპიდემიოლოგიური – ინტერვიუ დავით გზირიშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი