ახალი ამბები

სასამართლომ საბერძნეთის ნეონაცისტური პარტია კრიმინალურ ორგანიზაციად ცნო

7 ოქტომბერი, 2020 • 2023
სასამართლომ საბერძნეთის ნეონაცისტური პარტია კრიმინალურ ორგანიზაციად ცნო

5- წლიანი განხილვის შემდეგ, საბერძნეთის სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი ნეონაცისტური პარტია კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა, მისი ლიდერები კი ამავე ორგანიზაციის მართვის ბრალდებით გაასამართლა. პარტიის წინააღმდეგ აღძრულ საქმეთა შორის იყო ბერძენი მომღერლის მკვლელობა, ასევე, ძალადობა მიგრანტებსა და მემარცხენე აქტივისტებზე. სასამართლოს ვერდიქტს შენობასთან შეკრებილი ათასობით მოქალაქე ოვაციებით შეხვდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში დაფუძნებულმა პარტიამ, სახელწოდებით “ოქროს განთიადი”, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, 2012 წელს, მესამე ადგილი დაიკავა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში. AP-ის თანახმად, ის ერთგვარ მაგალითად აღიქმებოდა მსოფლიოს გარშემო მოქმედ ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტურ ძალებს შორის, რომლებიც დიდწილად გამოირჩევიან მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკით. თუმცა ბოლო არჩევნებზე “ოქროს განთიადმა” ბარიერი ვეღარ გადალახა და პარლამენტის გარეთ აღმოჩნდა.

პარტიის წინააღმდეგ სასამართლოში ოთხ საქმეს განიხილავდნენ. მათ შორისაა ანტიფაშისტი რეპ-შემსრულებლის, პავლოს ფისსასის მკვლელობა 2013 წელს, ეგვიპტელ მეთევზეებზე თავდასხმა 2012 წელს და ძალადობა მემარცხენე აქტივისტებზე 2013 წელს. მეოთხე საქმის ფარგლებში სასამართლო მსჯელობდა, იყო თუ არა “ოქროს განთიადი” კრიმინალური დაჯგუფება.

8 წლის წინ, ზემოხსენებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარტიამ პარლამენტში 18 დეპუტატი შეიყვანა. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს კი სასამართლომ ყველა მათგანი გაასამართლა: აქედან შვიდს, მათ შორის, პარტიის ლიდერს, ბრალად ედებათ კრიმინალური ორგანიზაციის მართვა, დანარჩენებს –  მისი წევრობა. პარტიის 43 მხარდამჭერიდან მხოლოდ 11 გაამართლეს, დანარჩენები კი დამნაშავედ ცნეს. ჯამში, სასამართლოს წინაშე 68 ბრალდებული იყო წარდგენილი.

უშუალოდ რეპერ პავლო ფისსასის მკვლელობისთვის დააპატიმრეს პარტიის მხარდამჭერი გიორგოს რუპაკიასი, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. მედიის ცნობით, პროცესის დასრულების შემდეგ, მოკლული მომღერლის დედამ, რომელიც გასული 5 წლის მანძილზე გამართულ თითქმის ყველა სასამართლო პროცესს დაესწრო, ხელები გაშალა და დაიყვირა: “ეს პავლოსმა გააკეთა! ჩემმა შვილმა!”

სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს ოვაციებით შეხვდა შენობასთან შეკრებილი 20 000-მდე აქტივისტი. ისინი სკანდირებდნენ: “ფაშისტების ადგილი ციხეშია!” ზოგიერთმა მათგანმა პოლიციის მიმართულებით ქვები და ხელნაკეთი ბომბები ისროლა, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს.

BBC-ის გამომძიებელბმა ჟურნალისტმა დიმიტრის პსარრასმა, პროცესის დასრულების შემდეგ დაწერა:

“2010 წლიდან “ოქროს განთიადი” წამლავდა საბერძნეთის პოლიტიკურ სისტემასა და დემოკრატიულ ინსტიტუციებს, კონტაქტებს ამყარებდა არმიასთან, პოლიციასთან, სასამართლოსთან და ეკლესიასთან. ეს შესანიშნავი ვერდიქტია”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ როგორც საბერძნეთის ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცორაკისის თქმით, 7 ოქტომბერს დემოკრატიამ გაიმარჯვა. ქვეყანაში მოქმედი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერის, ფოფი გენნიმატას სიტყვებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია ევროპისთვის, რომ “ფაშიზმის ადგილი არ არის ჩვენს ცხოვრებაში”.

BBC-ის თანახმად, პარტიის დამფუძნებელი ნიკოს მიხალოლიაკოსი სიმპათიას გამოხატავდა ნაციზმის მიმართ და ჰოლოკოსტს უარყოფდა, ასევე იყენებდა ნაცისტურ მისალმებას პარტიის ღონისძიებებზე. ის გამორიცხავდა პარტიის კავშირს რეპერის მკვლელობასთან.

თავად პარტია ოფიციალურად უარყოფდა ნეონაციზმთან კავშირს, თუმცა ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა ევროპასა და აშშ-ში მოქმედ ულტრამემარჯვენე ძალებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი