საბერძნეთი გახდა პირველი ქვეყანა მართლმადიდებელი მოსახლეობის უმრავლესობით, რომელმაც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება დააკანონა, იტყობინება „ბი-ბი-სი“. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში მხარი 176-მა დეპუტატმა დაუჭირა, 76 იყო წინააღმდეგი.
კანონის მიღებას პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უჭერდა მხარს. მისი თქმით, საბერძნეთმა „მამაცურად აღმოფხვრა სერიოზული უთანასწორობა“. ქორწინების გარდა, ლგბტქი+ წყვილებს ბავშვთა შვილად აყვანის უფლებაც ექნებათ.
„უჩინარი ადამიანები ძლივს გამოჩნდებიან ჩვენ ირგვლივ. მათთან ერთად ბევრი ბავშვი იპოვის თავის ადგილს [ოჯახს]“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კანონის მიღების წინააღმდეგ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა. გარდა ამისა, ათენში საპროტესტო მარშიც ჩატარდა, რომლის მონაწილეებსაც თან ჰქონდათ ბანერები და ეჭირათ ჯვრები. ისინი ასევე ლოცულობდნენ და ბიბლიას ციტირებდნენ.
საბერძნეთის ლგბტქი+ ორგანიზაციები მომხდარს მიესალმებიან. „ისტორიული მომენტია. სიხარულის დღე“, – უთხრა „როიტერსს“ სტელა ბელიამ, „ცისარტყელის ოჯახთა“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
საბერძნეთი გახდა 35-ე ქვეყანა მსოფლიოში და მეთხუთმეტე ევროკავშირში, რომელმაც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება დააკანონა.