საქართველოს პროკურატურა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დაკავებული სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
“საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით”, – აცხადებს პროკურატურა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს. პროკურატურა მათ ედავება, რომ სადელიმიტაციო კომისიაში მუშაობის დროს საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნეს. მელაშვილის და ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.