ახალი ამბები

ISFED ტიკარაძის განცხადების მიღმა ექიმებისთვის ხელფასის მატებაზე პოლიტიკურ მიზნებს ხედავს

7 ოქტომბერი, 2020 •
ISFED ტიკარაძის განცხადების მიღმა ექიმებისთვის ხელფასის მატებაზე პოლიტიკურ მიზნებს ხედავს

COVID-ის მართვაში ჩართული ექიმებისთვის ხელფასის 50%-იან მატებაზე დაპირება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით”, (ISFED) პოლიტიკური მიზნებისთვის გადადგმული ნაბიჯის შთაბეჭდილებას ტოვებს.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე მსგავსი განცხადება საარჩევნო კონტექსტშია განსახილველი, რამდენადაც COVID პანდემიის შესახებ დიდი ხანია, რაც ცნობილია:

“ცალსახაა, ამის ახლა გამოცხადება საჭიროებას არ წარმოადგენდა. სამი კვირაღაა არჩევნებამდე დარჩენილი და იმის გათვლაისწინებით, რომ COVID-ის პანდემიის შესახებაც საკმაო ხანია ვიცით, საგანგებო მდგომარეობაც იყო, მთელი ზაფხული გამოვიარეთ და ახლა, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, მსგავსი განცხადების გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია, რომ ექიმებს ხელფასები ეზრდებათ,  ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საარჩევნო კონტექსტში, პოლიტიკური მიზნებით კეთდება”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე “ნეტგაზეთთან”.

ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, მსგავსი დაპირებები სახელისუფლებლო პარტიის სასარგებლოდ მოქმედებს, რამდენადაც ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ და მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული ჯგუფის, ასევე საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას:

“ამ შემთხვევაში, ეს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოქმედებს იმიტომ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ანალოგიური ინიციატივის დაყენება და გაცხადება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ საბიუჯეტო რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ, ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მიმართულია კონკრეტული ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ასევე, ზოგადად, საზოგადოებაში დადებითი შთაბეჭდილება შეიქმნას ერთი პარტიის სასრგებლოდ. ამიტომ, ამ კუთხით მივიჩნევ, რომ პრობლემატურია. შეიძლებოდა, თუნდაც პირველი ტური რომ ჩაივლიდა, ამ განცხადების შემდგომ გაკეთება”, – ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

დღეს, 7 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ იმ კლინიკების სამედიცინო პერსონალს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, ხელფასი გაეზრდებათ:

“დღეს გამოიცემა უკვე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ჩართულ ექიმს ექნება დამატებით 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღესდღეობით არის თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში”, – აცხადებს ტიკარაძე. მისივე თქმით, ექიმების გარდა, ხელფასები გაეზრდება სხვა პერსონალსაც, მათ შორის, ექთნებსა და ინფექციონისტებს.

COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალს ხელფასები 50%-ით გაეზრდება – ტიკარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი